რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის დატოვოს ახალი START, ბირთვული შეტევითი იარაღის შეზღუდვის შესახებ აშშ-თან დადებულ ხელშეკრულება, თუ ვაშინგტონი არ არის დაინტერესებული მისი განახლებით.
ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება ჩვენთვის აუცილებელი არაა, ჩვენი სისტემები რუსეთის უსაფრთხოების გარანტიას საკმაოდ დიდი ხნით იძლევა, თქვა პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.
პუტინმა ეს განცხადება გააკეთა ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას. ახალი START, აშშ-სა და რუსეთს შორის 2010 წელს, პრაღაში დადებული შეთანხმება, გულისხმობს განთავსებული სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირებას. მისი მოქმედების ვადა 2021 წელს სრულდება თუ მხარეებმა კიდევ ხუთი წლით არ ისურვეს ვადის გახანგრძლივება.
ახალი START ეფუძნება თავდაპირველ START I-ს და ითვალისწინებდა სტრატეგიული ბირთვული ქობინების და გამშვები დანადგარების რიცხვის განახევრებას.
„2021 წელს ყველაფერი დასრულდება, თქვა პუტინმა, აღარ იარსებებს ინსტრუმენტი, რომელიც გამალებულ შეიარაღებას შეაჩერებს“.
თებერვალში აშშ-მა უარი თქვა მონაწილეობაზე ბირთვული იარაღის შეზღუდვის სხვა ხელშეკრულებაში, რომელიც 1987 წელს დაიდო და რომელიც საშუალო სიშორის რაკეტებს ეხებოდა. აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ამ შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
სანკტ-პეტერბურგში გამოსვლისას პუტინი შეეხო ასევე ვენესუელის თემას. მისი თქმით, ამ ქვეყნაში რუსი ტექნიკური სპეციალისტები რჩებიან, რათა რუსეთის სამხედრო ტექნიკას გაუწიონ მომსახურება. არ ვაპირებთ იქ ბაზის შექმნას ან ჯარის გაგზავნას, მაგრამ ჩვენ ვალდებულებებს სამხედრო და ტექნიკური ოპერაციების სფეროში შევასრულებთ, დასძინა პუტინმა.
კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა მიაწოდა ინფორმაცია ვენესუელიდან თავისი ხალხის უმეტესობის გაყვანის შესახებ.
მარტში, ტრამპმა მას მერე, რაც მოსკოვმა იქ თავისი ასი სამხედრო გააგზავნა, რუსეთს მოუწოდა, გასულიყო ვენესუელიდან.