Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნანა წადი“ - ქუთაისის ქუჩებში პლაკატები გააკრეს


სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში გააკრეს პლაკატები წარწერით -"ნანა წადი". ისინი მოითხოვენ, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნანა კოსტავამ სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გამო დატოვოს დეპუტატის მანდატი.

"ნანა კოსტავამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურში მომუშავე პირს აკისრია. მან, როგორც პოლიტიკოსმა, უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. არ დავუშვებთ, სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადების შინაარსის სიმწვავეს, მისივე სტატუსიდან გამომდინარე“, - განმარტავენ სამოქალაქო აქტივისტები.

ქუთაისის ქუჩებში გაკრულ პლაკატებზე დატანილია "საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-11 მუხლის მოთხოვნები.

როგორც აქტივისტები აღნიშნავენ, პროტესტი და საკრებულოს წევრისთვის დისკომფორტის შექმნა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ის არ დატოვებს საკრებულოს.

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუკის გვერდზე გააზიარა ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო და მას ნიშნის მოგებით მიმართა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი 26 მაისს, ნინოს ხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაიღუპა. ნანა კოსტავას პოსტს საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია.

31 მაისს ნანა კოსტავას დაატოვებინეს ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდომარის პოსტი. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან.

კონსერვატიული პარტია იმსჯელებს ნანა კოსტავას პარტიიდან გარიცხვის საკითხზე - ამის შესახებ 4 ივნისს განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ.

XS
SM
MD
LG