"სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა ქუთაისში მოძრავ ტრანსპორტში ჰაერის ტემპერატურა გაზომეს და შემდეგ, მგზავრებს სასმელი წყალი დაურიგეს. მათი თქმით, მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მგზავრობა და ქუთაისის მერია ვალდებულია, რომ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებების მგზავრებისათვის ელემენტარული პირობების შექმნის მოთხოვნა ჩადოს.
"გადავწყვიტეთ, რომ მოქალაქეებისათვის რაღაც მინიმალური მაინც გაგვეკეთებინა და ტრანსპორტში ცივი წყალი დავარიგეთ. ტემპერატურა, რაც ტრანსპორტშია, არა მხოლოდ დისკომფორტის შემქმნელია, არამედ სიცოცხლისთვის საშიშიც არის. არ არსებობს არანაირი სტანდარტი, უნდა იყოს თუ არა ტრანსპორტში გაგრილების სისტემა, ამიტომ ვითხოვთ, რომ მერიამ შეიმუშაოს გარკვეული სტანდარტები.
2019 წელში იწურება სატრანსპორტო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადები და ამიტომ ახალი ხელშეკრულების დადების დროს, ეს უნდა გაითვალისწინონ,"-ამბობს მოძრაობის წევრი, გვანცა ჩოგოვაძე.
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ. მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი გიორგობიანი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ქალაქს 14 კომპანია ემსახურება. მათ მფლობელობაშია 62 ავტობუსი და 160 მიკროავტობუსი.
"ხელშეკრულებებს ვადა 2019-2020 წლებში ეწურებათ. ვმუშაობთ, რომ ქალაქში მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელი შეიქმნას. ვმუშაობთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაზუსტება, თუ რამდენი ავტობუსია საჭირო და ასევე არ არის გამორიცხული, რომ სვლა-გეზებიც შეიცვალოს.
თუ ხელშეკრულებების ვადები ამოიწურება და მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაზე მუშაობა დასრულებული არ იქნება, გავაკეთებთ დროებით ხელშეკრულებებს. მუნიციპალური ტრანსპორტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე და აღჭურვილი იქნება გაგრილების სისტემით.
არსებული ხელშეკრულებების პრობლემაა ის, რომ ავტობუსებს არა აქვთ გაგრილების სიტემის აღჭურვილობა. გვიწევს დათმობაზე წასვლა, რადგან დღეის მდგომარეობით ალტერნატივა არ გვაქვს და ქალაქში სხვანაირი ავტობუსი არ იძებნება. არ გამოვრიცხავ, რომ თუ გაგრილების სისტემის მოთხოვნით გამოვაცხადებდით აუქციონს, ქალაქი ავტობუსების გარეშე დარჩებოდა. თუ მუნიციპალური ტრანსპორტი შევქმენით, პრობლემა 100%-ით მოგვარდება,"- ამბობს გიორგობიანი.
"სამოქალაქო მოძრაობის" წევრები ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობების გასაუმჯობესებლად პეტიციის გავრცელებასა და ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ.