Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივან გოლუნოვი შესაძლოა დააკავეს მის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან ეფ-ეს-ბე-ს გენერლის კავშირის გამო


ვებსაიტ „მედუზის“ ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაპატიმრების მიზეზი შესაძლოა იყოს მის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელშიც ნახსენები არიან ეფ-ეს-ბე-ს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის უწყების ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი დოროფეევი, ასევე მისი მოადგილე - ვიცე-პოლკოვნიკი მარატ მედოევი.

როგორც გამოცემა „პროექტს“ მოუყვა გოლუნოვის სამი კოლეგა, ტექსტში ლაპარაკი იყო ამ მაღალჩინოსან ძალოვანთა შესაძლო კავშირზე დედაქალაქის დამკრძალავი სერვისების ბაზართან. გამოცემას ინფორმაცია დაუდასტურა კრემლთან ახლოს მყოფმა წყარომ.

„პროექტი“ აღნიშნავს, რომ გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში, მაგრამ მიიყვანეს დასავლეთის ადმინისტრაციულ ოლქში. სწორედ ამ რაიონშია კონცენტრირებული ბიზნესპროექტები, რომლებთანაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ დოროფეევსა და მედოევს. იქვე მდებარეობს ტროეკუროვის სასაფალაო - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გოლუნოვის გამოძიებაში.

შაბათს აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სხდომაზე გოლუნოვმა ასევე თქვა, რომ მას ემუქრებოდნენ მის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით და რომ სტატიაში არის ცნობები ძალოვანთა კავშირზე დამკრძალავი სერვისების ბიზნესთან.

„მედუზის“ მთავარმა რედაქტორმა ივან კოლპაკოვმა დაადასტურა, რომ „გოლუნოვს 13 თვის განმავლობაში ემუქრებოდნენ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ტექსტის გმირები. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მან ტექსტი თავის რედაქტორს, ალექსეი კოვალიოვს ჩააბარა“.

კვირას გოლუნოვის ადვოკატმა ოლგა დინზემ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა თხოვნით, შემოწმდეს, ბოროტად ხომ არ გამოიყენეს უფლებამოსილებები იმ პოლიციელებმა, რომლებმაც დააკავეს ჟურნალისტი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე გოლუნოვის საჩივარს არ მოჰყოლია დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს რეაქცია.

XS
SM
MD
LG