10 ივნისს პირველ გვერდზე ერთნაირი განცხადებით გამოვიდა რუსეთის სამი წამყვანი გაზეთი. „ვედომოსტი“, „კომერანტი“ და РБК – „როსბიზნესკონსალტინგი“ მხარდაჭერას უცხადებენ „მედუზის“ჟურნალისტს ივან გოლუნოვს. ამ გამოცემების პირველ გვერდზე წერია: „მე/ჩვენ ავან გოლუნოვი ვართ“. ამ სამ გაზეთს არასოდეს ჰქონიათ ადრე ერთნაირი პირველი ზოლი.
რუსეთის სამ გაზეთში გამოქვეყნებული ლოზუნგი ფრანგული ანალოგიის მიხედვით გაჩნდა. სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ რედაქციის წევრებზე თავდასხმის და მათი დახოცვის შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა ლოზუნგი, „მე შარლი ვარ“.
ჟურნალისტი ივან გოლუნოვი, გამოცემა „მედუზის“ საგამოძიებო განყოფილების სპეციალური კორესპონდენტი, დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების და დამზადების მცდელობაში ბრალდებით. გაზეთების განცხადებაში წერია, რომ რედაქციები არ მიიჩნევენ დამაჯერებლად გამოძიების მიერ წარდგენილ, გოლუნოვის ბრალეულობის მტკიცებულებებს. გაზეთები არ გამორიცხავენ, რომ „გოლუნოვის დაკავება დაკავშირებული იყოს მის პროფესიულ საქმიანობასთან“.
განცხადების ავტორები მოითხოვენ „კანონმდებლობასთან შესაბამისობის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების მოქმედების შემოწმებას, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ივან გოლუნოვის დაკავებასთან“ და შემგომ, ამ მასალების მედიისთვის გადაცემს. რუსეთის წამყვანი სამი გაზეთი, „ვედომოსტი“, „კომერანტი“ და РБК – „როსბიზნესკონსალტინგი“ მოელის სამართალდამცველი ორგანოებისგან კანონის განუხრელ დაცვას და გამოძიების დროს მაქსიმალურ გამჭვირვალობას.
საერთაშორისო უფლებადამცავი ჯგუფის „აგორას" ხელმძღვანელმა, პაველ ჩიკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა გოლუნოვის ხელებზე და ფრჩხილებზე ნარკოტიკების, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების კვალი ვერ აღმოაჩინეს. რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის მთავარმა ნარკოლოგმა ევგენი ბრიუნმა ადრე განაცხადა, რომ ნარკოტიკის კვალი ვერ ნახეს შარდის ანალიზშიც, რომელიც დაკავების შემდეგ აიღეს.
გამოძიების თანახმად, ჟურნალისტის ზურგჩანთიდან და მის ბინაში აღებული სინჯის ქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო კოკაინი და ენ-მეთილეფედრინი.
გოლუნოვი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკები პოლიციამ „ჩაუდო“.
მისი დაპატიმრების მიზეზი შესაძლოა იყოს მის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელშიც ნახსენები არიან „ეფ-ეს-ბე-ს“ მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის უწყების ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი დოროფეევი, ასევე მისი მოადგილე - ვიცე-პოლკოვნიკი მარატ მედოევი.
როგორც გამოცემა „პროექტს“ გოლუნოვის კოლეგებმა უამბეს, ტექსტში ლაპარაკი იყო ამ მაღალჩინოსან ძალოვანთა შესაძლო კავშირზე დედაქალაქის დამკრძალავი სამსახურების ბაზართან. გამოცემას ინფორმაცია დაუდასტურა კრემლთან ახლოს მყოფმა წყარომ.
„პროექტი“ აღნიშნავს, რომ გოლუნოვი 6 ივნისს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში დააკავეს, მაგრამ მიიყვანეს დასავლეთის ადმინისტრაციულ ოლქში. სწორედ ამ რაიონშია კონცენტრირებული ბიზნესპროექტები, რომლებთანაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ დოროფეევსა და მედოევს. იქვე მდებარეობს ტროეკუროვის სასაფალაო - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გოლუნოვის გამოძიებაში.