Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ნუკრი ქანთარია მომავალ პარლამენტში თავს ვერ ხედავს


მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ჩემი ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა. მისი ხედვით, პარლამენტში ახალი ხალხია საჭირო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებს.

დეპუტატი მმართველ გუნდში მიმდინარე განახლების პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი მუდმივად საჭიროებს განახლებას.

„მინდა, ჩემი პოზიცია სახელისუფლო გუნდში მიმდინარე განახლების პროცესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტო, რათა საზოგადოების და მედიის მხრიდან სხვადასხვაგვარად არ იქნეს აღქმული და ინტერპრეტირებული. მიმაჩია, რომ ნებისმიერი გუნდი, მით უფრო სახელისუფლო, მუდმივად საჭიროებს განახლებას. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისთვის. იმედი მაქვს, განახლების პროცესი, რომელიც მმართველ გუნდში უკვე დაწყებულია და ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯებიც გადაიდგა, წარმატებით დასრულდება. ამ ეტაპისთვის მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ჩემი ყოფნის აუცილებლობას, ვერ ვხედავ იქიდან გამომდინარე, რომ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მიმაჩნია, რომ ახალი ხალხია საჭიროა. ვიმეორებ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ჩემს საჭიროებას ახალ პარლამენტში, თუმცა, ეს არამც და არამც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას ან პასიურ პოზიციაში გადასვლას. პირიქით, ვფიქრობ, სწორედ მრავალწლიანი გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით აქტიურად ჩავერთო პარტიის განახლების და, ზოგადად, მმართველი გუნდის გაძლიერების პროცესში.

ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე და მასთან ერთად ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას. შევხედოთ მოვლენებს, თუ იქნება სტაბილური პოლიტიკური გარემო, ასეთ შემთხვევაში ვერ ვხედავ აუცილებლობას და საჭიროებას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის. მაგრამ, თუ გამწვავდა სიტუაცია და გუნდმაც და მეც დავინახეთ, რომ საჭიროა ჩემი საპარლამენტო პროცესში კვლავ მონაწილეობა, დავდგები იქ, სადაც გუნდის და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს,” - წერს ნუკრი ქანთარია ფეისბუკის პირად გვერდზე.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 10 მაისს უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დაწყებულია მუშაობა ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე. „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება საზოგადოების წინაშე.

„როგორც იცით, მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG