მოსკოვის მერიამ თავისთან მიიწვია ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები, მსვლელობის დეტალების განსახილველად. მაგრამ აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ განხილვა ტელეკომპანია „დოჟდის“ პირდაპირ ეთერში მოხდეს.
იუწყებიან, რომ წინა დღით ჟურნალისტსა და მუნიციპალიტეტის დეპუტატ ილია აზარს დაურეკა მოსკოვის მერის მოადგილემ, ალექსანდრ გორბენკომ მსვლელობის უსაფრთხოების საკითხებზე .
ამ წინადადების აქციის სხვა ორგანიზატორებთან განხილვის შემდეგ ილია აზარმა აღნიშნა, რომ ისინი „არ არიან მზად წავიდნენ მერიაში და კულუარული მოლაპარაკებები გამართონ 20 ათასი ადამიანის ზურგს უკან, რომლებმაც უკვე გამოხატეს ინტერესი მსვლელობისთვის.“
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ივან გოლუნოვის ადვოკატებმა გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება.
ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მოსკოვში 12 ივნისს იგეგმება. აქცია შეთანხმებულია მოსკოვის მთავრობასთან.
მანამდე მოსკოვის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ 7 ივნისიდან გრძელდება ერთკაციანი აქციები. „მედუზის“ ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს ნარკოტიკების დიდი ოდენობით გასაღების ბრალდებით. გამოძიება ითხოვდა ჟურნალისტისთვის პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ სასამართლომ გოლუნოვს შიდა პატიმრობა მიუსაჯა.
„მედუზა“ აგრძელებს ცნობილი ადამიანების - ჟურნალისტების, კულტურის მოღვაწეების, ბიზნესმენებისა და საზოგადო მოღვაწეების - მხარდამჭერი ვიდეომიმართვების გამოქვეყნებას.