საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა მოლდოვის საპარლამენტო პარტიების ნაწილის მიერ პრემიერ-მინისტრად არჩეულ მაია სანდუს და მის მთავრობას.
მოლდოვის ტელეკომპანია TV8-ის პირდაპირ ეთერში სააკაშვილის ჩართვის დროს, მას წამყვანმა წაუკითხა სანდუს მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანდრეი ნასტასეს განცხადება, რომ სააკაშვილის გუნდს მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებაში დასახმარებლად.
„თქვენ მხოლოდ დაგვისტვინეთ და ყველანი სიამოვნებით დღე და ღამე ვიმუშავებთ, რათა დაგეხმაროთ როგორც ჩვენი სასარგებლო გამოცდილებით, ისე ჩვენი შეცდომებით“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
TV8-ის სტუდიაში იმყოფებოდა მაია სანდუ, რომელსაც სააკაშვილმა უწოდა რეფორმატორი და ერთ-ერთი ყველაზე წესიერი პოლიტიკოსი პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოლდოვას გაუმართლა, რომ მაია სანდუ პრემიერ-მინისტრია და მოლდაველებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სააკაშვილის კომპლიმენტს სანდუმ ასე უპასუხა: „მადლობა, მაგრამ თქვენი დახმარება მაინც გვჭირდება.“
ამავე ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებზე როგორც მოლდოვაში, ასევე საქართველოში და მოლდოვას ურჩია, რომ თუ „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, არაფორმალურ მმართველად მიჩნეული ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი ხელისუფლებას თავისი ნებით არ ჩამოშორდება, რაც შეიძლება სწრაფად დააპატიმრონ და ჩამოართვან ფული და მედიასაშუალებები.
მოლდოვაში ამჟამად პოლიტიკური კრიზისია. თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების მიღება.
8 ივნისს, პრორუსულად განწყობილმა სოციალისტებმა და მემარჯვენე პროევროპულმა ბლოკმა ACUM-მა, რომლებსაც პარლამენტის 101-დან 61 მანდატი აქვთ, ხელი მოაწერეს დროებით შეთანხმებას სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის და ქვეყნის კონსტიტიციურ ფარგლებში დაბრუნების შესახებ. პარლამენტის საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრად აირჩიეს ACUM-ში შემავალი „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტიის ლიდერი მაია სანდუ.
თავის მხრივ, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოსცა დადგენილება პარლამენტის დათხოვნის შესახებ. ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა.
9 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლომ დოდონი პრეზიდენტის თანამდებობას ჩამოაშორა კონსტიტიციური მოვალეობის შეუსრულებლობის მოტივით. სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი, პაველ ფილიპი, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს 2016 წლის იანვრიდან.
ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 6 სექტემბერს დანიშნა.
მოლდოვის „დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეა ბიზნესმენი ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელიც ბევრის აზრით, ქვეყნის არაოფიციალური მმართველია.