14 წლის მოზარდის საქმეზე, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, შსს-მ გამოძიება 9 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
გოგოს ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მოზარდი ონლაინთამაშის, ე.წ. „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია.
როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქმეს გლდანი-ნაძალადევის რაიონული პოლიცია იძიებს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
„გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა მეზობლების, არასრულწლოვანის ოჯახის წევრების და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია ჰქონოდა. დაინიშნა არასრულწლოვანის საკომუნიკაციო საშუალებების (მობილურის და კომპიუტერული ტექნიკის) ტექნიკური ექსპერტიზა, აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის სინჯები და ტარდება ქიმიური ექსპერტიზა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, - აცხადებენ შსს-ში.
რაც შეეხება ონლაინთამაშს, შსს-ს ინფორმაციით, ბოლო წლების მოკვლევის შედეგად, ქართულ ინტერნეტსივრცეში ე.წ. ონლაინთამაშ "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა:
„კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო „ლურჯ ვეშაპთან“ დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ საქმეზე მუშაობს. გამოძიება 2017 წლის მაისშია დაწყებული“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ში.
როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს უწყებაში, თუკი 14 წლის მოზარდის საქმეში მობილური და კომპიუტერული ტექნიკის შემოწმებისას, გამოიკვეთა საეჭვო გარემოებები, გამოძიებაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო ჩაერთვება.