Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ გოლუნოვის საქმის გამო პუტინმა პოლიციის ორი გენერალი დაითხოვა სამსახურიდან


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, სამსახურიდან დაითხოვონ პოლიციის ორი გენერალი, რომლებიც დაკავშირებული არიან „მედუზის“ ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის საქმესთან. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასსმა.

სამსახური დაატოვებინეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის უფროსს, ანდრეი პუჩკოვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების მიმოქცევის კონტროლის მოსკოვის სამმართველოს უფროსს, იური დევიატკინს.

მათი განთავისუფლების შესახებ პუტინს შუამდგომლობით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ კოლოკოლცევმა.

გამოცემა „მედუზის“ ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 11 ივნისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს შეწყდა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება. 12 ივნისს რუსეთში ივან გოლუნოვის მხარდამჭერთა არაერთი აქცია გაიმართა. მოსკოვში მსვლელობისას დააკავეს 500 პირი.


გოლუნოვს ბრალად დასდეს ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების მცდელობა. პოლიციამ ამტკიცებდა, რომ მას უპოვნეს ნარკოტიკულ ნივთიერებებს. გოლუნოვი აცხადებდა, რომ ნარკოტიკები მას „ჩაუდეს“. გოლუნოვს მხარი დაუჭირა არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ.

XS
SM
MD
LG