საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პრაღაში, 13 ივნისს გამართული შეხვედრის დასაწყისში, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.
მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ადგილი აქვს ამ რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები. მოყვანილი იქნა კონკრეტული მაგალითები.
მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, შეხვედრისას აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს. გამოითქვა იმედი, რომ ჟენევის ფორმატში შესაძლებელი გახდება ხელშესახები პროგრესის მიღწევა:
„დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროებში ჩართული ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.
საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული შეთანხმების წარმატებით რეალიზაციას. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხარე გამუდმებით აყენებს კრიტიკულ კონტექსტში საკითხს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, აბაშიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული ცენტრის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისათვის“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.