თუკი ლგბტქ თემის წარმომადგენლები ტერიტორიიდან არ გავლენ, კონტრაქციის მონაწილე ნაციონალისტური ჯგუფები მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
„პოლიცია ორი საათის წინ დაგვპირდა, რომ გაიყვანდა მათ ტერიტორიიდან, მაგრამ პირობა არ შესრულდა. ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ხელით შევეხოთ მაინცდამაინც?! მოვიდეს მთავრობა და გაგვცეს პასუხი“, - აცხადებს კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე.
კონტრაქციის მონაწილეთა რიგებიდან მუდმივად ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები.
კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევაც სცადეს. სწორედ ამ დროს გაიყვანა ტერიტორიიდან პოლიციამ კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ის. დასტურდება ცნობა 8 პირის დაკავების შესახებ - ყველა მათგანი კონტრაქციის მონაწილეა.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ყვითელი ავტობუსები დაახლოებით ორი საათის წინ გამოჩნდა. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ავტობუსები მობილიზებულია ტერიტორიიდან მათი გაყვანის მიზნით.
ასევე ითქვა, რომ პოლიციამ მოაწყო საგანგებო დერეფანი. თუმცა აქციის მონაწილეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე მიმდინარეობს აქცია და კონტრაქცია. აქციას მართავენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები, ხოლო კონტრაქციის მონაწილეები ნაციონალისტურ ჯგუფებს წარმოადგენენ.
14 ივნისს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია საპატრიარქოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმეს. საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტქ თემის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის ჩატარება.
ღირსების მარში დაგეგმილია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის (18-23 ივნისი) ფარგლებში. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ღონისძიების მონაწილეებს სახელმწიფო ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს.