Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მისი მოადგილეების მიმართ მუქარის გამოძიებასაც ითხოვს


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყებას ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე.

გამოძიების დაწყების შესახებ შსს-მ 16 ივნისს განაცხადა.

სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებსაიტზე 17 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნინო ლომჯარიას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მოჰყვა მის მოწოდებებს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვისკენ

„ქვეყანაში 18-23 ივნისს ლგბტ+ თემის მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშს“ სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ქვეყანაში არსებული მაღალი ჰომოფობიური განწყობებიდან გამომდინარე მოუწოდა სამართალდამცველებს, აქციის ორგანიზატორთათვის მიეცათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზების საშუალება და დაეცვათ მათი უსაფრთხოება. ინტერნეტსივრცეში განხორციელებული მუქარის პარალელურად 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ+ თემის აქციაზე რადიკალურად განწყობილმა კონტრაქციონერებმა სახალხო დამცველის მოადგილეების, გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის მიმართ სცადეს საქმიანობის ხელშეშლა, რაც გამოიხატა ფიზიკური დაზიანების მუქარაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ გამოძიებამ დაადგინოს ყველა კონკრეტული პირი, თუ ჯგუფი, ვინც გაავრცელა მუქარის შემცველი შეტყობინებები, გამოკვეთოს მათი საქმიანობის მიზანი და მოტივი და იმსჯელოს პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზეც.

სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები გამოძიებასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას აცხადებენ.

XS
SM
MD
LG