Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო მინისტრის თანამდებობას დღეს დატოვებს


დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ ტოვებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას.

„ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთოთ განცხადება ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ“ - უთხრა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, რჩება გუნდში, რადგან ეს გუნდი იმ ღირებულებების მატარებელია, რომელიც მისთვის, როგორც რიგითი ექიმის ინსტინქტისთვის ყველაზე ძვირფასია. „სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე, რომ მე არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა, რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა. "ქართული ოცნების" მთავრობაში გარკვეული პერიოდულობით განხორციელებული საკადრო ცვლილებები სერგეენკოს დღემდე არასდროს შეხებია.

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ 2019 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დავით სერგეენკო თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად პირველ ადგილს ინაწილებდა პოლიტიკოსებისადმი დადებითი განწყობის მხრივ. სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 40%-მა გამოხატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG