საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის მეორე ფაზის მიზნებად დაასახელა უფრო ეფექტური და მიზნობრივი მართვა.
ტიკარაძის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც დავით სერგეენკოს და გუნდის დამსახურებაა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიც არის პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები. ასევე, მთელი რიგი პრობლემები სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ.
ახალი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არცერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში საქართველო მიიღებს რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას.
ეკატერინე ტიკარაძემ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და რეკომენდაციისთვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშვნამდე ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.