ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია კი - გარყვნილების პროპაგანდას უწყობს ხელს, - განაცხადა „სახალხო ლეგიონის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე შესვლის წინ.
ფალავანდიშვილი იმედოვნებს, რომ პოლიციას მასთან ბევრი შეკითხვა არ ექნება და შეკითხვებით არ შეაწუხებს.
„იმედია მე არ შევდივარ მტრებში, შევდივარ ჩემს პოლიციაში, რომელიც ქართული ტრადიციის დამცველ ხალხს, სიკეთის დამცველ ხალხს და წესრიგის დამცველ ხალხს არ შეაწუხებს და ზედმეტად შეკითხვებით არ დაღლის... ჩვენ ველით რომ, როდესაც სოდომიას იცავს სახელმწიფო, იმ სახელმწიფომ შეიძლება კანონი გადაამეტოს და მან შეიძლება უკანონობა ჩაიდინოს და ხალხი ფიზიკურად დახოცოს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაგროვებთ ბიჭებს, რომლებიც სწორედ ამას ფიზიკური ძალით, თავისი დაცვით დაიცავენ... პოლიციის მოვალეობაა, რომ ხელი შეუშალონ პროპაგანდას გარყვნილების. ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს - ამიტომ, პოლიცია გამოდის ჩარჩოებიდან კონსტიტუციის“, - თქვა გურამ ფალავანდიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაბარებულია ასევე გურამ ფალავანდიშვილის შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი.
16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.
სახალხო ლეგიონის რიგებში 17 ივნისს არაერთი ადამიანი ჩაეწერა და, ვერის პარკში შეკრებილთა თქმით, პროცესი 18 ივნისსაც გრძელდებოდა. ლეგიონში გაწევრიანებულია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დეპუტატი ემზარ კვიციანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.
17 ივნისს დაწყებული გამოკითხვის პროცესი პოლიციის მთავარ სამმართველოში 18 ივნისსაც გაგრძელდა.