Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია: იუსტიციის საბჭო არ ასაჯაროებს კანონით ხელმისაწვდომ ინფორმაციას


კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უკიდურესად შეშფოთებულია იმ ფაქტის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით. ეს ქმედება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას.

„საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში 2019 წლის 1 მაისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ეს ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა) არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, საბჭო კი მისი დახურვით კანონს არღვევს“, - წერია 19 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კოალიციის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭომ 13 ივნისის წერილში უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივზე მითითებით; მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კანონის თანახმად საჯაროა.

„საბჭოს მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭო გარკვეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობს“, - აცხადებს კოალიცია.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, „დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს კანდიდატების შესახებ საბჭოში წარდგენილი და საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა), მანამდე კი არ გააგრძელოს კონკურსის პროცედურები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG