Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში რუსი დეპუტატების სტუმრობას აპროტესტებენ


ხმაურიანი აქცია გაიმართა თბილისში, ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ რუსეთის დუმის დეპუტატებს, რომლებიც ასამბლეის სესიაში მონაწილეობენ. ხალხის განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის ფაქტი.

გავრილოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებითა და განცხადებებით გამოირჩევა. აქციის მონაწილეები მას პუტინის ოდეოლოგიის გამტარებლად და მის მოკავშირედ მოიხსენიებდნენ.

„იმის გამო, რომ ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები აქვთ გაკეთებული ვიღაც დეპუტატებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება, რომ არ შემოვუშვათ საქართველოში. მაგ ლოგიკით მაშინ, მეგობრებო, გაეროს გენერალური ასამბლეაზე ჩადის მსოფლიო დიქტატორების ნახევარი და მაშინ ამერიკამ უნდა ჩაკეტოს ნიუ-იორკის აეროპორტები. საერთაშორისო ასამბლეებში და გენერალურ ასამბლეებში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუნდაც მიუღებელი პერსონებისთვის, ეს არის დიპლომატიაში ქაჯობა“, - აცხადებდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ მუშაობა 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისამდე გასტანს. 26-ე სესიაში მონაწილეობს 25-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG