მართლმადიდებელმა რუსეთმა დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის, - ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 26-ე სესიის გახსნისას.
„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია.
ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის... ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა ამ რწმენის შესაბამისი ქმედებებით უნდა გამოიხატოს.
მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში ცდილობენ ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი; მეტიც, ოკუპირებულ მიწებზე იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის, უპირველეს ყოვლისა - ქრისტიანული კულტურის კვალი.
დამეთანხმებით, რომ ყოველივე ამას ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო. ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის დღევანდელი პოლიტიკური კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია“, - განაცხადა კობახიძემ.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 19 ივნისს გაიხსნა და 22 ივნისამდე გასტანს. 26-ე სესიაში მონაწილეობს 25-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი.
ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების დაწყებამდე, 19 ივნისს, ცერემონიების სასახლესთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ხალხის განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის ფაქტმა.
გავრილოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებითა და განცხადებებით გამოირჩევა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.