Accessibility links

site logo site logo

გიგი უგულავა შს სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ის გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. როგორც უგულავამ უთხრა ჟურნალისტებს, სამართალდამცავ უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს მანამდე, ვიდრე გამოკითხვაზე არ მივა შს მინისტრი გიორგი გახარია.

„მე მივალ მაგისტრ მოსამართლესთან და იმას მივცემ ჩვენებას, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან ასევე გააკეთა კომენტარი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას მისთვის ცარიელი ბოთლების სროლასთან დაკავშირებით.

ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც უგულავა სატელევიზიო ჩართვისთვის ემზადებოდა. გიგი უგულავამ თქვა, რომ რამდენიმე ნასვამი ახალგაზრდა ისროდა ბოთლებს და არც ის არის გასაკვირი, რომ ამდენ ხალხში ის ვიღაცას არ მოსწონდეს.

„აქ ყველა შეკრებილია იმ ნიშნით, რომ არავის არ მოსწონს „ქართული ოცნება“. ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ერთმანეთის ატანა, ყოველთვის მოიგებს ივანიშვილი და ყოველთვის გახარია თითებს გვირტყამს თავში. არავინაა აქ ვალდებული, ერთმანეთი უყვარდეს, მაგრამ აქ ერთმანეთი უნდა ავიტანოთ, საერთო საქმისთვის. სუსს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პროვოკატორი ჰყავს აქ მოგზავნილი“, - განაცხადა უგულავამ.

21 ივნისს, დღის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ შსს-ში გამოკითხვაზე არიან დაბარებული: „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქუაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა მელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG