22 ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი თავის უამრავ სტუმარს უმასპინძლებს შესასვლელ ფლიგელში განთავსებული ანტისაოკუპაციო დრეშებით, რომლებზეც ქართულად, აფხაზურად, ოსურად და ინგლისურად გაკეთებულია წარწერები: რუსეთი ოკუპანტია!
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, მსგავსი აქტივიზმი ბიბლიოთეკას დღეს არ დაუწყია, თუმცა, მისივე თქმით, არსებულმა კონტექსტმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„ძალიან უცნაური იყო ამ კონტექსტს მოყოლილი კომენტარები, რომლებსაც ჩვენი თანამშრომლები ძალიან ხშირად ისმენდნენ რუსი ვიზიტორებისგან, რომ ისინი არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს და საერთოდ არ ესმოდათ, რატომ იყო მათი ქვეყანა ოკუპანტი ან რა აზრით იყო მათი ქვეყანა ოკუპანტი... იყო უცნაური ვერსიებიც, რომ რუსეთი ოკუპანტი კი არა, საქართველოს განმათავისუფლებელია. ჩვენ არც ერთ ვიზიტორს არ ვუკრძალავთ ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში შემოსვლას. პირიქით, გავაცნობთ მათ ჩვენს კულტურას, ოღონდ, ბუნებრივია, ეს კულტურა უნდა გაიცნონ იმ ფონით, რა ფონიც შემოსასვლელში დახვდებათ. ეს არის მითითება იმაზე, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ჩვენ შეგნებულად ეს სიტყვები დავწერეთ ქართულად, ინგლისურად, აფხაზურად და ოსურადაც, რომ მათთვისაც იყოს ეს ყველაფერი გასაგები“, - უთხრა გიორგი კეკელიძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველოს ერვონულმა ბიბლიოთეკამ 2018 წელს ასევე გახსნა დამოუკიდებლობის დარბაზი, რომლის პათოსი მთლიანად განმსჭვალულია ანტისაოკუპაციო სულისკვეთებით, ვახტანგ VI-ის კორპუსის საგანგებოდ მოხატულ კედელს კი „აგვისტოს კედელი“ ეწოდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის "წიგნის მუზეუმი" საქართველოში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენაა.