Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვის მუქარა: თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ Telegram-ში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ილაპარაკა. აღნიშნა, რომ შეშფოთებულია თბილისში განვითარებული მოვლენებით და იქვე დასძინა, რომ საქართველომდე სულ რაღაც 200 კილომეტრია.

„რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ჩვენი ხალხები დაკავშირებული არიან მეგობრობის საუკუნოვანი კავშირებით. ქართული კულტურა მსოფლიომ გაიცნო რუსეთის წყალობით. ქართველი მწერლების, კომპოზიტორებისა და მსახიობების ნიჭი სწორედაც რომ ჩვენს ქვეყანაში გაიფურჩქნა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში თბილისში გამოჩდნენ ამერიკასა და დასავლეთში გამოზრდილ-გამოკვებილი პოლიტიკოსები, რომელთა ცხოვრების მიზანს წარმოადგენს რუსეთისა და საქართველოს დაუძინებელ მტრებად ქცევა, განხეთქილების შეტანა საქართველოსა და რუსეთის ხალხებს შორის“, - წერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი.

რამზან კადიროვის თქმით, ჩეჩნეთი ყოველთვის ცდილობდა კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას საქართველოსთან და სწორედ ამის გამო, არასოდეს აჰყოლია საქართველოს სახელმწიფო ორგანოების პროვოკაციებს, რაც საზღვარზე ჩეჩნეთის მცხოვრებლებისათვის პრობლემების შექმნაში გამოიხატებოდა.

„თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ ისევ ძლიერია ანტირუსული პოლიტიკოსების გავლენა. დავრწმუნდით, რომ ისინი დიდხანს ეძებდნენ საბაბს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ისტერიული შეტევის დასაწყებად“, - წერს რამზან კადიროვი, რომელიც განსაკუთრებულად აღშფოთებულია რუსეთიდან საქართველოში მიწვეული სტუმრებისადმი არასათანადო მოპყრობით.

კადიროვმა ასევე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, კადიროვის სიტყვებით, ღრმად ცდება, როცა საქართველოში რუსეთის ინტერესებზე ლაპარაკობს.

„რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს საზოგადოების გახლეჩით. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობითა და კეთილდღეობით“.

კადიროვის თქმით, დროა შეიგნოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ რუსეთის გარდა არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელიც შეჭირვების ჟამს უფრო ადრე მივა დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG