თუკი მონაწილეთა მოთხოვნები 14:00 საათამდე არ დაკმაყოფილდება, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია 19:00 საათზე განახლდება.
უცვლელია აქციის მონაწილეთა მოთხოვნები:
- გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია;
- გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს;
- დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა 20 ივნისის აქციის დარბევისას;
- არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
22 ივნისის საპროტესტო აქცია პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან დასრულდა. რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისთან ხელებაწეული მივიდნენ. მათ იქ სამართალდამცველების კორდონი დახვდათ.
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. მონაწილეებმა იქაც გაიმეორეს თავიანთი მოთხოვნები.
მომიტინგეებმა ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის 14:00 საათამდე მისცეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი შიმშილობის დაწყებას აპირებს.