Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია: საპროტესტო აქციის სცენა "დროებით დასაწყობდა"


თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფი“ აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირიდან საპროტესტო აქციისთვის განკუთვნილი სცენა დროებით, დასუფთავების მიზნით აიღეს.

როგორც რადიო თავისუფლებას მერიიდან აცნობეს, სცენა უკვე უბრუნდება თავის ადგილს რუსთაველის გამზირზე. ხოლო ხმის აპარატურასთან დაკავშირებით უწყება პასუხისმგებლობას არ იღებს.

„თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს გეგმიურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე“, - აცხადებს „თბილსერვის ჯგუფი“.

მერიაში განმარტავენ, რომ მიზანი არ ყოფილა საპროტესტო აქციისთვის ხელის შეშლა - „ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება“.

აქციის მონაწილეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მწვავედ გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული სცენა მათ დღეს იქ აღარ დახვდათ.

თბილისის მერიამ სცენა და ბანერები მოგვპარა... კალაძე, დაგვიბრუნე ჩვენი სცენა, - წერდნენ სამოქალაქო აქტივისტები ფეისბუკში.

ორგანიზატორების გეგმის თანახმად, საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისიდან მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, 23 ივნისს 19:00 საათიდან განახლდება.

XS
SM
MD
LG