საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უპრეცედენტო უწოდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩატარების შესახებ.
„სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა ახალ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მათი წარმომადგენლობა პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს არის ბუნებრივი. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო იმის ხილვა, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე“, - განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობენ პარტიები, რომლებსაც პარლამენტში ფართოდ წარმოდგენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ამიტომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვრით, ფაქტობრივად, ზღვრის გარეშე ჩატარდეს შემდეგი არჩევნები და პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ფაქტობრივად, ყველა ამომრჩევლის ხმა.
„ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველოს სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო დემოკრატიად. რა თქმა უნდა, განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც დღეს იმყოფება საქართველო, ამას შეიძლება მმართველობითი ეფექტურობის თვალსაზრისით, ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამით ჩვენი ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც არის იმის საფუძველი, რომ საქართველო გახდეს უფრო წარმატებული ქვეყანა და უფრო წარმატებით დავძლიოთ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს წინაშე არსებული მძიმე გამოწვევები“, - განახადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი საუბრობენ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას. „იმათ, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მოტივირებულნი არიან მუდამ, რომ გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათთან დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მედიის შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კონსულტაციები არ გაიმართება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საპროტესტო აქციებში მონაწილე სხვა პარტიებთან, ბახტაძემ უპასუხა: „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, პასუხს გასცემს კანონი და რაც შეეხება კონსულტაციებს, ის გაიმართება ყველასთან, მათ შორის არსებობს შესაბამისი ფორმატი, რომელიც პარლამენტშია შექმნილი.“
„ეს დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ასევე, პარლამენტის გარეთ მყოფ ოპოზიციას“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.