Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ევროსბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩამორთმეული უფლებები აღუდგინეს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში, დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის და დაძაბული დებატების შემდეგ, 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აძლევს ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების უფლებას.

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი გახდა რეგლამენტში შეტანილი და რეზოლუციაში ასახული ცვლილებები.

ბელგიელი დეპუტატის, სოციალისტების ჯგუფის წევრის, პეტრა დე სუტერის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს წევრობა ყველა ქვეყანას აკისრებს საწესდებო ორგანოებში - საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტში მუშაობის ვალდებულებას და თანაბარ უფლებებს ანიჭებს.

რეზოლუციის მიხედვით, რეგლამენტს დაემატა პუნქტი, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის ხმის და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას. დე სუტერის ინიციატივით, შეიცვალა რეგლამენტის წესიც, რომლის თანახმად, ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვალდებული იყო საპარლამენტო ასამბლეაში თავისი დელეგაციის მონაწილეობის განაცხადი იანვარში წარედგინა. ახალი წესით, რუსეთს უფლება მისცეს თავისი დელეგაციის უფლებამოსილების განხილვის საკითხი დასვას ივნისის სესიაზე.

საქართველოს და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების ყველა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა. (კენჭისყრის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ).

რეზოლუციის პროექტისთვის 222 შესწორება მოამზადეს უკრაინის, საქართველოს და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებმა, თუმცა, მათგან ასამბლეამ მხოლოდ ერთი გაითვალისწინა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვი ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების მოთხოვნებს არ ასრულებდა, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები რამდენჯერმე გაგრძელდა. პროტესტის ნიშნად რუსეთის საპარლამენტო დელეგაციამ 2016 წლიდან შეწყვიტა ასამბლეის სხდომებზე დასწრება, ხოლო 2017 წელს მოსკოვმა უარი თქვა ევროსაბჭოს ბიუჯეტში თანხის შეტანაზე.

XS
SM
MD
LG