Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე!


ეკა ბესელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს და მოუწოდებს მათ პასუხისმგებლობა აიღონ 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.

„სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე. გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაჰფარებოდით, რომლებსაც, არ ვიცი, ვისი ბრძანებით, დასდევდნენ ქუჩებში, სადაც აღარც რევანშის საფრთხე იყო, არც თავდასხმა იყო, აღარც მიტინგი იყო. რა გინდათ თქვათ, რომ ჩემიანი თუ აკეთებს, ყველაფერი მოსულა? ეს არის თქვენი ლოგიკა? ამიტომ არის ტოლობის ნიშანი თქვენსა და იმ მოძალადეებს შორის, რომლებიც ასე იქცეოდნენ. თქვენ რა, იმას ამართლებთ, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში? სადარბაზოებში დაკავებულების ცემა, ადამიანების დევნა, ეს მიგაჩნიათ, რომ ნორმალურია? და ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა? ან ვიდრე იმ სავარძელში ჩასკუპდებოდა გავრილოვი, არცერთს არ გეყოთ გონიერება, რომ გეთქვათ, რომ არ შეიძლებოდა იმ ღონისძიების დაგეგმვა? ან სად იყავით რომელიმე, რომ ასულიყავით სცენაზე და ჩამოგეყვანათ ის ადამიანი. ან მაშინ სად იყავით, რომ გეუბნებოდით, ეს კობახიძე გადაწვავს პარლამენტს-მეთქი?“

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების შემდეგ, ხმაურით დაიწყო პირველი პლენარული სხდომა პარლამენტში. საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.

სხდომა რამდენიმე წუთით სასესიო დარბაზში მომხდარი ჩხუბის გამო შეწყდა.

დღის წესრიგის დამტკიცებისას „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა, რომ პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე ემსჯელა მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო, შს მინისტრის გადადგომას ითვალისწინებს. მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ამ თემაზე დაწყებული შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG