Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა ყაზბეგში, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს


ადგილობრივებმა დაარბიეს ყაზბეგში დაგეგმილი ფესტივალის, Mountain Set-ის ინფრასტრუქტურა, რომლის ღირებულება დაახლოებით 100 ათას ლარზე მეტი იყო.

"ყველაფერი დამტვრეულია", - ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი, მარიამ შარაშიძე და განაგრძობს: "ბარები მოიპარეს, მიწის სათხრელი ბარები... ისეთი რამ მოხდა, რომ აქ რომ ყოფილიყავით მიხვდებოდით, რომ სირცხვილია."

Mountain Set ელექტრონული მუსიკის სამდღიანი ფესტივალია, რომელიც ყაზბეგში 28, 29 და 30 ივნისს უნდა გამართულიყო. მისი პარტნიორია Mixmag, ელექტრონული მუსიკის ცნობილი ჟურნალი. საქართველოში ამ ფესტივალზე უნდა დაეკრათა ქართველ და უცხოელ არტისტებს:Boston, Keith Carnal, Function, Schwefelgelb, Hamatsuki, Kvanchi და სხვებს.

თავდაპირველად ფესტივალისთვის სტეფანწმინდა შეარჩიეს, თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო, ორგანიზატორებმა ის დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ბიდარაში გადაიტანეს.

ამბობდნენ აქ ჩვენი მამა-პაპა და სალოცავები არისო, [ფესტივალი] წაბილწავსო, ახალგაზრდებს აფუჭებთო
მარიამ შარაშიძე

თუმცა ტერიტორიის შეცვლამ არ გაამართლა. შარაშიძის თქმით, გუშინ 24 ივნისს, 300-მდე ადამიანმა წრე შემოარტყა ფესტივალის 10 თანამშრომელს და ტერიტორია დაარბია.

რასაც ზოგი თავისუფლებას ეძახით, ეგ თავისუფლება აქ, მთაში გარყვნილება და სიბილწეა
ადგილობრივი მოსახლე

ერთ-ერთი ადგილობრივი ფეისბუკზე წერდა: "რასაც ზოგი თავისუფლებას ეძახით, ეგ თავისუფლება აქ, მთაში გარყვნილება და სიბილწეა... კაზანტიპი, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი თუ მსგავსი თავყრილობები ბოლოს როგორც ვითარდება, ყველამ კარგად ვიცით."

"პროტესტი პროტესტია და ყველას აქვს უფლება გამოხატოს, მაგრამ დარბევა ?!" - ამბობს შარაშიძე და განაგრძობს: "10 ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, ფიზიკური არა, თუმცა მორალური ზიანი მივიღეთ - იმდენი გინება იყო."

რადიო თავისუფლების კითხვაზე, ინციდენტამდე თუ ჰქონდათ ორგანიზატორებს ადგილობრივებთან კომუნიკაცია, შარაშიძე ასე პასუხობს: “არ აინტერესებდათ, არ მოისმინა არავინ.”

სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს.
ფესტივალის განცხადება

"ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო. სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია", - წერია ფესტივალის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში.

ყაზბეგის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მოსახლეობა ფესტივალის ჩატარებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიუღებლად მიიჩნევს. ზაგაშვილის ინფორმაციით, ადგილის შეცვლის შემდეგ, ფესტივალის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებდნენ ადგილობრივებს.

"ფესტივალები ჩატარებულა ყაზბეგში და არ ყოფილა რაიმე წინააღმდეგობა. ამ ფესტივალთან დაკავშირებით, იყო გარკვეული პრობლემები და მოსახლეობაც აფიქსირებს. დააფიქსირეს გუშინ, ძალიან ბევრი ხალხი იყო ზევით", - ამბობს ზაგაშვილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 177-ე, რაც ქურდობას და 187-ე, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება, თუმცა სხვაგან.

XS
SM
MD
LG