საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ იმ თანაგუნდელთა მოსაზრებებზე, როლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას, უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ.
"ჩვენ გუშინ კონკრეტული დეპუტატი გავუთანაბრეთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლის მიმართ გამოძიებას შესაძლოა, ჰქონდეს პრეტენზია და რომელიც შესაძლოა, დამთავრდეს იმით, რომ ამ გამოძიებამ წარდგენა გააკეთოს თავისუფლების აღკვეთის თაობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს არის პარლამენტის საქმე. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, მით უმეტეს თუ ეს დეპუტატი მიუძღვოდა არმიას პარლამენტის დასაკავებლად. იმუნიტეტების მოხსნა მერე უნდა გვენახა, რა დატრიალდებოდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ. იგი ვარაუდობს, რომ ზოგიერთი დეპუტატი ვერ გაერკვა უმრავლესობამ „რა ქნა და რა გააკეთა“.
„პრობლემას არავის შევუქმნი“, - აღნიშნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ უმრავლესობიდან წასვლის შესახებ. „მე არ მომეწონა თვითონ პარლამენტარისათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღების ის პროცედურა რომელიც, ჩემი აზრით, დასაბუთებულობის უფრო მაღალ სტანდარტს უნდა შეიცავდეს. მე მაქვს მე მგონი უფლება ასეთი პოზიცია მქონდეს. ახლა თუ ვინმესთვის ეს პრობლემაა, მე პრობლემას არავის არ შევუქმნი", - განაცხადა რომან კაკულიამ.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კი ამბობს, რომ მზადაა უმრავლესობას აუხსნას რა მოსაზრებით არ დაუჭრა მხარი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას. მარიამ ჯაში მზადაა უმრავლესობის ნებისმიერი გადაწყვეტილება მოისმინოს:
"ვფიქრობ, რომ განსხვავებული აზრი მხოლოდ აძლიერებს ნებისმიერ გუნდს. თუკი ჩვენ გვექნება განხილვა, თუ ჩემი გადაწყვეტილება ჩაითვლება გუნდურობის პრინციპის საწინააღმდეგო ნაბიჯად, მე მზად ვარ, შედგეს ეს საუბარი და თუკი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს შეიძლება აისახოს გუნდის მუშაობის შემდგომ ეტაპზე, მე მზად ვარ, რომ ნებისმიერი შესაბამისი გადაწყვეტილება მოვისმინო",- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ 26 ივნისს მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ. უმრავლესობის პოზიცია არ გაიზიარეს დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ და ბექა ოდიშარიამ.
პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს.