Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გავრილოვის ღამე" და პროტესტი რუსთაველზე - დანიელი არტისტის ილუსტრაციებში


ლივია ვიკსნა დანიელი ვიზუალური არტისტია, რომელიც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ ამბებს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე თავისივე შექმნილი ილუსტრაციებით გამოეხმაურა.

ლივია, რომელსაც ქართველი მეგობრები ჰყავს და როგორც ამბობს, ძალიან უყვარს საქართველო, ასე შეუერთდა ქართველი ახალგაზრდების პროტესტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენით დაიწყო და 20 ივნისის ღამით, აქციის ძალადობრივი გზით დაშლის შემდეგ პერმანენტულ აქციებში გადაიზარდა.

„პუტინმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო ფრენები აკრძალა. და რადგან ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, ქვეყანას თქვენი დახმარება ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება. ნახეთ ეს ქვეყანა ჩემს 9 ილუსტრაციაში და გაატარეთ ზაფხული საქართველოში“, - დაწერა ლივიამ ფეისბუკზე და საქართველოს შესახებ გაკეთებული ილუსტრაციების სერიაც გამოაქვეყნა.

რადიო თავსიუფლებამ ლივია ვიკსნას ჰკითხა, თუ რამ გამოიწვია მისი ასეთი რეაქცია და მხარდაჭერა თბილისში მიმდინარე აქციების მიმართ.

მხატვარმა მოგვითხრო, რომ თბილისში განვითარებული ამბების შესახებ ინსტაგრამიდან შეიტყო, დანიაში, შვებულებიდან დაბრუნებულმა, მოულოდნელად ქართველი მეგობრების ფოტოები ნახა:

„ინსტაგრამს ვამოწმებდი, როცა ჩემი ქართველი მეგობრების პოსტები ვნახე აქციების შესახებ. შარშან თბილისში ვიყავი და მაისის აქციებშიც ვმონაწილეობდი, რომლის სლოგანი იყო “We dance together, we fight together” (ჩვენ ვცეკვავთ ერთად და ჩვენ ვიბრძვით ერთად), მაგრამ რასაც ჩემი მეგობრები მჯერად აზიარებდნენ, ეს გაცილებით ძალადობრივი ჩანდა“.

ლივია ამბობს, რომ თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა თბილისში: „შოკირებული ვიყავი“. მეორე დღეს კი, ახალი ამბებიდან უფრო დეტალურად შეიტყო მომხდარის შესახებ. მსოფლიო ამბებს ადევნებდა თვალს, რადგან დანიური მედია თბილისში მომხდარ ამბავს არ აშუქებდა.

„და რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, მეც გადავწყვიტე, რომ სწრაფად მემოქმედა. საქართველოს შესახებ სერიაზე ისედაც ვმუშაობდი, ასე რომ, ბუნებრივად გავაგრძელე წერა და ხატვა მანდ მიმდინარე ამბების შესახებ და ამ ამბების გავრცელებაც დავიწყე“, - უთხრა ლივიამ რადიო თავისუფლებას.

​21 ივნისს ჯერ სერგეი გავრილოვზე დაწერა.

მომდევნო დღეს ილუსტრაციაც დახატა - გავრილოვი საქართველოს პარლამენტში. შემდეგ ნახა ჯგუფი „დაისვენე საქართველოში“ და გადაწყვიტა, რომ ამ კამპანიაშიც თავისი წვლილი შეეტანა.

„მე ძალიან მიყვარს საქართველო და ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ სულ ამდენი პრობლემაა პოლიტიკაში. ასე რომ, მართლა მოხარული ვარ თუ რამენაირად მეც მივეხმარე ამ პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მანდ არ ვიყავი“, - გვითხრა ლივიამ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG