Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მწვავედ აკრიტიკებს უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის პროცესს


არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიაზე მიმდინარე კონკურსს და თვლის, რომ „კონკურსის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატურებზე იუსტიციის საბჭოს წევრებს შორის შემდგარი ფარული გარიგება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელი პროცესის ლეგიტიმურობას“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ რეაგირება არ მოჰყოლია კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრის პროცესიდან ჩამოცილების გარემოებების დასახელებას.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თანახმად, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა არაერთმა კვალიფიციურმა და მაღალი რეპუტაციის მქონე იურისტმა, რაც პროცესის მიმართ უნდობლობით იყო გაპირობებული:

„თუმცა, კონკურსში მონაწილეობა მიიღო მოქმედმა მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, იმ დროს, როდესაც პროკურატურას ჯერ არ დაუსრულებია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ან მის ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება (მათ შორის, 2015 წლის დეკემბერში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტების გაჟონვის საქმე, ასევე, 2016 წლის ზაფხულში გიორგი მიქაუტაძის მიერ მოზარდის შესაძლო ცემის ფაქტი)“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრისა და კოალიციის მიმართვისა, კონკურსში მონაწილეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი, გიორგი მიქაუტაძე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადებაში ხაზგასმულია მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დახურვა: „იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არაერთ ორგანიზაციას უთხრა უარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით“.

ორგანიზაცია აფასებს კონკურსის პირველი ტურის წარმართვასაც:

„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროვებული კონკურსის პირველი ტურის შედეგები ცხადყოფს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მინიმუმ 9 კაციანმა ჯგუფმა იმოქმედა ერთმანეთთან შეთანხმებული სქემით, რათა კონკურსის მეორე ეტაპზე გადაეყვანათ კონკრეტული კანდიდატები. მათ შორის, 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილ 10 კაციან სიაში შესული ყველა კანდიდატი, გარდა სამისა, რომლებმაც თავისი ნებით უარი თქვეს კონკურსში მონაწილეობაზე.

აღნიშნული სქემა შემდეგნაირად განხორციელდა:

პირველმა (4 კაციანმა) ჯგუფმა შემოხაზა 20 ერთი და იგივე კანდიდატი.

მეორე (3 კაციანმა) ჯგუფმა შემოხაზა 20 ერთი და იგივე (მაგრამ პირველი ჯგუფისგან სრულად განსხვავებული) კანდიდატი.

მესამე (2 კაციანმა) ჯგუფმა შემოხაზა ასევე 20 ერთი და იგივე კანდიდატი (რომელთაგან 15 არის მეორე ჯგუფის მიერ შემოხაზული კანდიდატი და ასევე 5 სხვა კანდიდატი)“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

- ინიცირება გაუკეთოს და განიხილოს სასამართლოში კლანური მმართველობის შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც პარლამენტში შეტანილი იქნა 2019 წლის 4 ივნისს.

- უმოკლეს ვადებში განიხილოს და გადაწყვიტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზაზა ხარებავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წარმომადგენელთა მონაწილეობა.

ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს დროულად განიხილოს და გადაწყვიტოს კონკურსის მიმდინარეობისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თამარ ონიანის აცილების საკითხი და უზრუნველყოს კანდიდატთა მონაცემების საჯაროობა.

XS
SM
MD
LG