Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება“ იმ დეპუტატებზე იმსჯელებს, რომლებიც ნიკა მელიას საკითხზე გუნდს გაემიჯნენ


"ქართული ოცნება“ გეგმავს, განიხილოს უმრავლესობის იმ წარმომადგენლების საკითხი, რომლებმაც კენჭისყრის დროს მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის მიმართვას დეპუტატ ნიკა მელიას დაკავების შესახებ. ამ შინაარსის განცხადებები 3 ივლისს გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ და შეუნარჩუნდებათ თუ არა კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტები რომან კაკულიასა და მარიამ ჯაშს. გია ვოლსკის თქმით, ამის შესახებ გუნდი იმსჯელებს.

„გუნდმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხებზე... არ შეიძლება ასეთი საკითხები უყურადღებოდ რჩებოდეს... მე ამ ადამიანების მიმართ მაქვს გარკვეული პრეტენზიები, მაგრამ რეალურად, ასეთი საკითხებს გაცილებით უფრო სერიოზული განხილვა და ყურადღება სჭირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო რომან კაკულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს თავმჯდომარეობს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენმა კოლეგებმა მთავარი ვერ გაიგეს, რომ საუბარი პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე არ იყო, არამედ საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტის იმ წევრის უფლებები გაეთანაბრებინათ ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებთან, რომლის მიმართაც პროკურატურას შეიძლება ჰქონოდა პრეტენზიები. სასამართლო გადაწყვეტს საკითხს და არა პარლამენტი. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს ყველას, ჩვენი კოლეგა იქნება თუ სხვა”, - აცხადებს გია ვოლსკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ გენერალური პროკურორის მიმართვას პარლამენტში 26 ივნისს უყარეს კენჭი. 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ - დეპუტატებმა საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაწყვიტეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშსა და ბიძინა გეგიძეს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, მას პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ არ აპირებს დისკომფორტი შეუქმნას კოლეგებს და თუკი „ქართული ოცნების“ გუნდი გადაწყვეტს, რომ ის არ უნდა დარჩეს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, პოსტს ის უპრობლემოდ დათმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG