Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძემ ცაში ლგბტ დროშის გამოჩენა შეაფასა


ჩვენ მშვიდად ვართ. ეს პროვოკაციები, რაღაცას რომ აფრიალებენ, აჩვენებს, სად არის მათი ადგილი. მათი ადგილი ქართულ მიწაზე არ არის, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტის შენობასთან ლგბტ დროშის გამოჩენას.

დროშა „ თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის თავზე დრონის საშუალებით ფრიალებს.

ლევან ვასაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს მიმართა, რომ ლგბტ დროშის „ცაში გამოჩენა“ შეურაცხმყოფელი არ არის. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პარლამენტთან აქციას არ შეწყვეტენ, ვიდრე არ დადასტურდება ინფორმაცია, რომ „პრაიდი“ აღარ ჩატარდება.

„ცაში რომ ცისარტყელა ჩნდება ხოლმე, ჩვენ მანამდეც ვიცოდით და ამის მერეც გაჩნდება ცისარტყელა ქართულ ცაზე. ჩვენთვის ეს არ არის შეურაცხყოფა. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ მათი უსუსურობის და საცოდავობის დემონსტრირება. ამიტომ, რა ვქნათ ახლა, აქედან ხელები ვუქნიოთ, ვუყვიროთ „ისტერიჩკა“ ქმნილებებივით?! მე პირადად განწყობილი ვარ ძალიან დიდი დადებითი ემოციით, ძალიან მშვიდად ვარ“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ჰომოფობიურ აქციას დრონზე გამობმულმა ცისარტყელის დროშამ გადაუფრინა.

8 ივლისს თბილისში ლგბტ თემის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიქმნა საფრთხე, ლგბტქი აქტივისტებმა ღირსების მარშის კვლავ გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

მარშის გამართვის დაანონსებულ ადგილზე, შს სამინისტროსთან, 8 ივლისს, დილიდან შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, სასულიერო პირები და მათი თანამოაზრეები.

მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და დაიკავეს ის ტერიტორია, სადაც 18 დღეა ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს.

დემონსტრანტები მოითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და რუსეთში მოქმედი გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის საქართველოში მიღებას.

სასულიერო პირები მოუწოდებენ შსს-ს გაასუფთაოს ტერიტორია "საშინელი ხალხისგან", რათა მოახერხონ პარაკლისის გამართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG