20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად არ ყოფილა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ელჩი კარლ ჰარცელი, 20 ივნისის დილიდან დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც რეგიონული ღონისძიებები იყო დაგეგმილი.
11 ივლისს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია TV პირველი პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები.
"უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი. ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ... არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას", - ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ საიდან ადევნებდა ის თვალს მოვლენებს.