Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: რამდენიმე ელჩი მივიდა პარლამენტში... მახსოვს გერმანიის ელჩი, იყვნენ სხვა ელჩებიც


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, 20 ივნისის ღამეს, პარლამენტში სიტუაციის გასაცნობად რამდენიმე ქვეყნის ელჩი მივიდა. დავით ზალკალიანს ახსოვს, რომ მათ შორის იყო გერმანიის ელჩი, თუმცა, სხვა ქვეყნების ელჩების ვინაობას ვერ იხსენებს:

„როგორც მოგეხსენებათ, 20 ივნისს სიტუაცია სწრაფად იცვლებოდა და ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, და არაფერი გასაკვირი არ არის, რომ მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მათი ინფორმირების კუთხით. აქ ბუნებრივია, ლაპარაკი არ არის ფიზიკურ მობილიზაციაზე, რომ ჩვენ ისინი იქ ფიზიკურად მივიყვანეთ, მაგრამ რამდენიმე ელჩი მივიდა... მახსოვს გერმანიის ელჩი და იყვნენ კიდევ სხვა ელჩები, რომლებიც თავისით მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აქ არაფერია გასაკვირი“.

20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩის ვიზიტს ადასტურებს ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი: „გერმანიის ელჩს პირისპირ ველაპარაკე პარლამენტში“.

გერმანიის საელჩო საქართველოში არ აკეთებს კომენტარს ელჩის, ჰუბერტ კნირშის პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით.

გერმანიის საელჩომ საქართველოში, 20 ივნისს, 23 საათსა და 6 წუთზე სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი:

"გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს: ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ".

​11 ივლისს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია TV პირველი პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები.

"უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი. ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ... არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას", - ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ საიდან ადევნებდა ის თვალს მოვლენებს.

XS
SM
MD
LG