Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუცნაშვილის ადგილი აღარ შეივსება მე-9 მოწვევის პარლამენტში


ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 16 ივლისს განიხილავს. ამ საკითხს კენჭს სავარაუდოდ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყრიან.

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ზაქარია ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობის თანახმად, აღარ ჩატარდება შუალედური არჩევნები ამ სადეპუტატო ადგილის შევსების მიზნით.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად:

  • „მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება მაისში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით“.
  • „თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში“.
  • „საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება“.

რადგანაც ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისამდე არ შეუწყდა, პარლამენტში მისი ადგილის შესავსებად, შუალედური არჩევნები 2020 წლის მაისში უნდა გამართულიყო. თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, ეს არ მოხდება, რადგან 2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო მანდატზე უარის თქმა მას შემდეგ მოუწია, რაც თბილისში დიდი მღელვარება მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარებას. ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, ასამბლეის პრეზიდენტმა, სერგეი გავრილოვმა, სწორედ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ იყო ორგანიზებული.

XS
SM
MD
LG