Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა


რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალურ პროკურატურაში მისი გამოკითხვის შემდეგ.

„მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ - ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო, შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე ჩემს მიერ პასუხი იქნა გაცემული... რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ...

მე არა მაქვს, შს სამინისტროსა და პოლიციას, ჩვენ, არა გვაქვს არანაირი პრობლემა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, სად არის სიმართლე... ჩვენ აქ მოვდივართ ამ სიმართლის სათქმელად“, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავარი მიღწევა ის არის, რომ შს სამინისტრომ და პოლიციელებმა „ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება“. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, მინისტრის განცხადებით, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ცალკეულ გადაცდომებს, თუკი მათ სამართალდამცველთა ქმედებაში აღმოაჩენს პროკურატურა.

„მაგრამ მე ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სანამ პროკურატურისა და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები“, - განაცხადა გახარიამ.

გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე.

ამ ეტაპზე დაკავებულია ორი სამართალდამცველი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

17 ივლისს ერთ-ერთ სამართალდამცველს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG