Accessibility links

site logo site logo

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ძებნილს თბილისში ოპერაცია გაუკეთეს


ერგნეთი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეული, ქართველი სამართალდამცავების მიერ ერგნეთში დაკავებული ორი პირიდან ერთს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს. ამის შესახებ განაცხადა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ.

თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსული პირი მძიმედ იყო დაჭრილი. ზვიადაძის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ ამ პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები სარმატ გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი." ამავე წყაროს ინფორმაციით, გაბარაევი და კაბისოვი ეჭვმიტანილები არიან ოს სამართალდამცავებზე შეიარაღებულ თავდასხმაში. დე ფაქტო ხელისუფლება ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული პირების გადაცემას ითხოვს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ერგნეთში დაკავებული ორი პირის საქმეზე ყველა პროცედურა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით წარიმართება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG