„ჩვენ ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არყოფნას“, - ასე დაიწყო ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი რუსთავის 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელი.
გვარამიას განცხადებით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გარდა, სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ სასამართლომ მხარეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გასაჩივრების უფლება დაუტოვა.
„ეს ყველაფერი, ალბათ, უნდა მივაწეროთ აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. და ცხადია, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ შეგვიძლია გასაჩივრება ერთ შემთხევვაში, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი - ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, თოდუას და სააპელაციო სასამრთლოს კიდევ ერთი მოსამართლის და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას“.
ნიკა გვარამიამ ამავე ბრიფინგზე უპასუხა იუტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და განაცხადა, რომ დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას.
„იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია ახლავე დაირეგისტრიროს ქონება, სამართლებრივად არის არასწორი და ეს იქნება დანაშაულებრივი მითვისება მედიისა, რომელიც ჯერ კიდევ, მიუხედავად უმძიმესი გადაწყვეტილებისა, ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულად შეცვალოს“.
იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს რუსთავი 2-ის საჩივარს და ჩათვლის, რომ მოსამართლე ურთმელიძე იყო მიკერძოებული, გვარამიას შეფასებით, საქმე მთლიანად დაინგრევა.
„თუ ამ დროს ხალვაში უკანონოდ იქნება დარეგისტრირებული, საქმის შეტრიალება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, დღეს, ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული კონვენციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულიც“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
დაწერეთ კომენტარი