Accessibility links

ახალი ამბები

16 წლის მუშის დაღუპვის გამო აქციამ "სირცხვილია" გადადო მუსიკალური ღონისძიება

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების სერიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, მშენებლობაზე მუშის, 16 წლის გიორგი ბეშკენაძის დაღუპვის გამო გადაიდო 19 ივლისისთვის დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა. ორგანიზატორების თქმით, საკუთრივ აქცია ჩატარდება, თუმცა მუსიკალური ღინისძიებებების გარეშე.

გიორგი ბეშკენაძე თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩასული. ის დაიღუპა 16 ივლისს, თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე, სამუშაოს შესრულებისას. მოზარდს ბაგირი გაუწყდა და ლიფტის შახტში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მას ობიექტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაწყებული.

პარლამენტის წინ აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ გიორგი გახარიამ გასცა დემონსტრანტების ძალისმიერი გზით დაშლის ბრძანება, ის არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

​ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

ყველა ახალი ამბავი

შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ 15 წლის მოზარდი გამოკითხვაზე შეუძლოდ გახდა

შსს უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 15 წლის მოზარდი, რომელიც "მწვანე სკოლის" კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ყოფნის დროს, შეუძლოდ გახდა.

15 დეკემბერს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას, გახდა თუ არა მოზარდი გამოკითხვაზე შეუძლოდ და გამოიძახეს თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მოგვიანებით, უწყების პრეს-ცენტრმა რადიო თავისუფლებას ამ კითხვაზე პასუხი მოსწერა:

"მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არასრულწლოვანს არ დასჭირვებია სამედიცინო დახმარება".

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოზარდი გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საია-ს ინფორმაციით, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა და მოითხოვა სამედიცინო დახმარება, თუმცა დახმარება მას არ აღმოუჩინეს.

15 დეკემბერს, შსს-ში საგანგებო ბრიფინგი მოულოდნელად დაინიშნა. როგორც უწყება განმარტავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მათ გადაწყვიტეს, საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

შსს-ში გამართული ბრიფინგის თანახმად, შეტყობინება პოლიციაში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერისგან შევიდა. „გამოიკითხნენ შეტყობინების ინიციატორი, სკოლის მენეჯერი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც უარყო მწვანე სკოლის კედლების დაზიანების ფაქტი. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი დედასთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია და დაახლოებით 40 წუთში დატოვა პოლიციის შენობა“.

მანამდე გავრცელებული ცნობით, მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მართლაც ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს მივიდა და იქ, შესაბამისად, 6 და ერთი საათი დაჰყო. კანონის შესაბამისად, მის დაკითხვას დედა ესწრებოდა, თუმცა მას ორჯერ, თითო-თითო საათით, დოკუმენტების მოსატანად მოუწია გასვლა, რა დროსაც მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მარტო დარჩა.

ოჯახის ინტერესების დამცველმა, რევაზ აჭარაძემ, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წარმოადგენს, რადიო თავისუფლებას მოუთხრო, რომ დედის არყოფნის პერიოდში „პოლიციის განყოფილებაში ბავშვი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა პირმა ცალკე გაიყვანა. ის უკან მალე გამოვიდა, თუმცა იყო ატირებული, ბევრად უფრო განერვიულებული და დათრგუნული“.

15 წლის მოზარდმა გამოკითხვის დასრულებიდან რამდენიმე საათში, თვითმკვლელობა სცადა. ის საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხდა.

მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაკითხვაზე დაიბარეს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია 15 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარეს.

"მივიღე სმს, ვესაუბრე გამომძიებელს, დამიბარეს დაკითხვაზე, საქმეზე, რომელზეც, თუ არ ვცდები, 2014 წლიდან არ დავუკითხივართ" - უთხრა ბოკერიამ ინტერნეტგამოცემა "ტაბულას".

ბოკერიას განმარტებით, საქმე ეხება უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიებას იმ პერიოდში, როცა ამ უწყების მდივანი ის იყო.

"ჩემი უფლებაა, რომ მაგისტრი მოსამართლის მიერ ვიყო დაკითხული, ამიტომ ვაპირებ, რომ ამ უფლებით ვისარგებლო, ბევრად უფრო გამჭვირვალე რომ იყოს ეს ყველაფერი" - ამბობს ბოკერია.

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სტატუსით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული.

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

იუწყებიან, რომ ტრამპმა შესაძლოა მალე შეამციროს ავღანეთში სამხედროთა რაოდენობა

ტელეკომპანია CNN იუწყება, რომ აშშ-მა შესაძლოა მალე დაახლოებით მესამედით შეამციროს ავღანეთში დისლოცირებული აშშ-ის სამხედროთა რაოდენობა.

ტელეკომპანიამ მოიტანა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის სიტყვები, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა დაახლოებით 4000 ჯარისკაცით შეამციროს ავღანეთში სამხედროთა რიცხვი. CNN-ის თანახმად, ამ შინაარსის განცხადება შესაძლოა უკვე მომავალ კვირაში გაკეთდეს.

ამჟამად აშშ-ის 12,000-დან 13,000-მდე სამხედრო მსახურობს ავღანეთში, სადაც 2001 წლიდან ომი მიმდინარეობს. ტრამპმა აგვისტოში განაცხადა, რომ 8,600-მდე სურდა ავღანეთში აშშ-ის სამხედროთა რიცხვის დაყვანა.

ამ ცნობების გავრცელების ფონია ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ 13 დეკემბერს ნათქვამი სიტყვები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მალე ახალ სტრატეგიას გამოაცხადებს შუა აზიასთან მიმართებით.

შსს-მ არ უპასუხა კითხვას, რატომ არ გაუწიეს სამედიცინო დახმარება 15 წლის მოზარდს

„ყველა კითხვას ვუპასუხებ, აქ ზუსტად ამისთვის ვარ“, - მიუხედავად ამ დაპირებისა, შსს-ში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებულ წარწერებსა და მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეს ეხებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს, არ გაუცია პასუხი რადიო თავისუფლების კითხვაზე, გახდა თუ არა 15 წლის მოზარდი გამოკითხვაზე შეუძლოდ და რატომ არ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 15 წლის მოზარდი გამოკითხვაზე შეუძლოდ გახდა, მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ცაციაშვილმა ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, რომ მოზარდი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მშობლის გარეშე არ გამოკითხულა, რადიო თავისუფლების კითხვაზე, საიდან გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოზარდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა გამოკითხვაზე, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ მოზარდს რამდენიმე წუთის განმავლობაში მართლაც ესაუბრა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე:

„ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს. ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა გამოკითხვის დაწყებამდე. და რეალურად, ეს ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედასთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და ამ სიტუაციის განტვირთვის მიზნით, მასთან მოხდა მხოლოდ 3-4-წუთიანი კომუნიკაცია“.

15 დეკემბერს, შსს-ში საგანგებო ბრიფინგი მოულოდნელად დაინიშნა. როგორც უწყება განმარტავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მათ გადაწყვიტეს, საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

შსს-ში გამართული ბრიფინგის თანახმად, შეტყობინება პოლიციაში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერისგან შევიდა. „გამოიკითხნენ შეტყობინების ინიციატორი, სკოლის მენეჯერი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც უარყო მწვანე სკოლის კედლების დაზიანების ფაქტი. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი დედასთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია და დაახლოებით 40 წუთში დატოვა პოლიციის შენობა“.

მანამდე გავრცელებული ცნობით, მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მართლაც ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს მივიდა და იქ, შესაბამისად, 6 და ერთი საათი დაჰყო. კანონის შესაბამისად, მის დაკითხვას დედა ესწრებოდა, თუმცა მას ორჯერ, თითო-თითო საათით, დოკუმენტების მოსატანად მოუწია გასვლა, რა დროსაც მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მარტო დარჩა.

ოჯახის ინტერესების დამცველმა, რევაზ აჭარაძემ, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წარმოადგენს, რადიო თავისუფლებას მოუთხრო, რომ დედის არყოფნის პერიოდში „პოლიციის განყოფილებაში ბავშვი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა პირმა ცალკე გაიყვანა. ის უკან მალე გამოვიდა, თუმცა იყო ატირებული, ბევრად უფრო განერვიულებული და დათრგუნული“.

მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადვოკატისგან განსხვავებით, შსს ამბობს, რომ სკოლის კედლების დაზიანებაში ეჭვმიტანილი მოზარდი უდედოდ არ გამოუკითხავთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი გამართა 15 წლის ბიჭის საქმეზე, რომელიც „მწვანე სკოლის“ კედლების დაზიანებაშია ეჭვმიტანილი და რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა მეცხრე სართულიდან გადახტომით, რასაც წინ უძღოდა მისი დაკითხვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

შსს-ში გამართული ბრიფინგის თანახმად, შეტყობინება პოლიციაში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერისგან შევიდა. „გამოიკითხნენ შეტყობინების ინიციატორი, სკოლის მენეჯერი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც უარყო მწვანე სკოლის კედლების დაზიანების ფაქტი. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი დედასთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია და დაახლოებით 40 წუთში დატოვა პოლიციის შენობა. მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა“, - განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

მანამდე გავრცელებული ცნობით, მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მართლაც ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს მივიდა და იქ, შესაბამისად, 6 და ერთი საათი დაჰყო. კანონის შესაბამისად, მის დაკითხვას დედა ესწრებოდა, თუმცა მას ორჯერ, თითო-თითო საათით, დოკუმენტების მოსატანად მოუწია გასვლა, რა დროსაც მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მარტო დარჩა.

ოჯახის ინტერესების დამცველმა, რევაზ აჭარაძემ, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წარმოადგენს, რადიო თავისუფლებას მოუთხრო, რომ დედის არყოფნის პერიოდში „პოლიციის განყოფილებაში ბავშვი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა პირმა ცალკე გაიყვანა. ის უკან მალე გამოვიდა, თუმცა იყო ატირებული, ბევრად უფრო განერვიულებული და დათრგუნული“.

ოჯახის წევრების გამოკითხვის შედეგად საია განცხადებაში წერს - „არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება“.

მოზარდი საავადმყოფოში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კლიმატის შესახებ გაეროს მოლაპარაკება ნახშირბადის ბაზრებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა

კლიმატის შესახებ გაეროს მოლაპარაკება, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, 15 დეკემბერს დასრულდა ისე, რომ მონაწილეებმა 2020 წლამდე გადადეს გადაწყვეტილების მიღება გლობალური ნახშირბადის ბაზრების რეგულირების თაობაზე.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "იმედგაცრუებულია" შედეგებით. "საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელიდან გაუშვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ეჩვენებინა უფრო მეტი გაბედულება მიგრაციასთან, ადაპტაციასა და დაფინანსებასთან მიმართებით, კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად", - წერს ის ტვიტერზე 15 დეკემბერს და დასძენს: "მაგრამ ჩვენ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. მე ხელებს არ ჩამოვუშვებ".

თითქმის 200 ქვეყნის დელეგატები მონაწილეობდნენ მოლაპარაკებაში, რომელმაც შედეგად მოიტანა გარკვეული კომპრომისები გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად. მაგრამ, საერთო ანაგრიშით, მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ მონაცემებს, რომლებიც, მეცნიერთა თქმით, აუცილებელია შექმნილ მწვავე ვითარებასთან გასამკლავებლად.

მიღწეული კომპრომისები მოიცავდა მოწოდებებს უფრო მეტი ძალისხმევისკენ სათბურის გაზების ემისიის შესამცირებლად და ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად, რომლებზეც მძიმედ აისახება გლობალური კლიმატის ცვლილებების შედეგები. მაგრამ მოლაპარაკების ვადის დღე-ნახევრით გახანგრძლივების მიუხედავად, დელეგატებმა ყველაზე მწვავე საკითხებზე შეთანხმება ერთი წლით გადადეს. შემდეგი შეხვედრა გლაზგოში გაიმართება.

საოკუპაციო ხაზთან დიმიტრი ხუნდაძეს ზურგზე „გაბედე“ მიაკრეს

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქციის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დეპუტატ, დიმიტრი ხუნდაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს, აქტივისტები დიმიტრი ხუნდაძისთვის კითხვების დასმას ცდილობდნენ, რაზეც მან უპასუხა, რომ თუკი მათ პარლამენტში მოსვლა სურთ, სჯობს, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და გაიმარჯვონ.

სიტყვიერი შელაპარაკების დროს, „გაბედეს“ აქტივისტებმა დიმიტრი ხუნდაძეს ზურგზე სტიკერი „გაბედე“ მიაკრეს.

„ჩვენთვის მისასალმებელია, რომ სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, დიმიტრი ხუნდაძე დღეს აქ არის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი მართლაც ყველას ეხება. უბრალოდ, ჩვენ გვინდოდა გვეთხოვა ბატონი დიმიტრისთვის, რომ დავთქვათ თარიღი, სადაც ახალგაზრდებს შეგვხვდება და გაგვცემს კითხვებზე პასუხებს. მაგალითად: რატომ ჩააგდო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ან რატომ დაგვახვედრა აქტივისტები მცხეთაში, რომლებიც ჩვენს თანატოლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ დიმიტრი ხუნდაძე არ არის მზად ასეთი შეხვედრის ფორმატისთვის. ვინაიდან, მას არ გააჩნია ასეთი პასუხები და ის უბრალოდ წავიდა ისე, რომ ხელახალი იგნორი გაუწია ახალგაზრდობას და მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ფიზიკური დაზიანებებით არ მივდივართ სახლებში“, - ამბობს სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი მიშო ქუმსიშვილი.

გატაცებული ექიმის მხარდამჭერი აქცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, 15 დეკემბერს გაიმართა. მას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებოდნენ.

ქეთევან ციხელაშვილი გატაცებული ექიმისა და მისი ოჯახის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებელია საკითხის პოლიტიზება და მისით მანიპულირება:

„ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა, მათი და ყველა ჩვენგანის თანაზიარია იმ მოთხოვნასა და უპრეცედენტო ძალისხმევაში, რაც მის გათავისუფლებას უკავშირდება.

საოკუპაციო რეჟიმი მისი უკანონო ტყვეობით და გათავისუფლების გაჭიანურებით საკუთარ სახეს მთელი სისრულით აჩვენებს! ამით კი მის და ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდის, ისევე როგორც ყველა იმ უკანონო ზომით, რითაც ასობით ადამიანს ყოველდღიურ პრობლემას უქმნის, როგორც დღეს ფაქტობრივად დატყვევებულ მთელს ახალგორის რაიონს.

არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას. არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობასთან. დღეს ვალდებული ვართ, მისი გათავისუფლების ინტერესით ვიხელმძღვანელოთ. ახლა ეს არის უპირატესი ამოცანა.

დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზირება და ამით მანიპულირება, მათ შორის, თავად ოჯახის ნებისა და, საერთოდ, საღი აზრისა და ელემენტარული ადამიანური პრინციპების საპირისპიროდ. ამ პრინციპსა და ოჯახის ამ სამართლიან სურვილს პატივი უნდა ვცეთ, რა თქმა უნდა.

მისი გათავისუფლებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ვიდრე ის ოჯახს არ დაუბრუნდება“.

ექიმი 37 დღის წინ, 9 ნოემბერს დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

ექიმის მხარდამჭერებმა ახალგორისკენ თეთრ ბუშტებზე გამობმული ხალათი გაუშვეს

სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან გაიმართა ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია. საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.

ექიმის ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა თეთრი ბუშტები და მათზე გამობმული თეთრი ხალათი სიმბოლურად, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გაუშვეს ჰაერში და მიმართეს ოს ექიმებს:

„ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს. ჩვენ გვინდა, გავუშვათ ეს თეთრი ხალათი ჰაერში, რათა გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ ყველას, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ. არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა - თავისუფლება ვაჟა ექიმს. დააბრუნეთ ექიმი სახლში“.

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ცოცხალი ჯაჭვი დაახლოებით 200 მეტრზე გაიჭიმა.

საოკუპაციო ხაზისკენ ავტობუსები, მოტოციკლეტები და ავტომობილები, თბილისიდან 12 საათისათვის დაიძრნენ.

ექიმი 37 დღის წინ, 9 ნოემბერს დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

კრიტიკის მიუხედავად, დიდი თეატრი გააგრძელებს "შავი სახის" გრიმის გამოყენებას

რუსეთის დიდი თეატრი აცხადებს, რომ არ შეცვლის თითქმის 140-წლიანი საბალეტო წარმოდგენის დადგმის ფორმას, მას შემდეგ, რაც აშშ-ში მცხოვრებმა მოცეკვავემ გააკრიტიკა წარმოდგენაში გამოყენებული „შავი სახის“ გრიმი, როგორც რასიზმის მაგალითი.

მისტი კოუპლენდმა - რომელიც 2015 წელს გახდა ამერიკის საბალეტო თეატრის პირველი შავკანიანი წამყვანი მოცეკვავე ამ თეატრის 70 წელზე დიდხნიან ისტორიაში - გასულ კვირაში ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ახალგაზრდა რუსი ბალერინების ფოტო, რომლებიც „შავი სახის“ გრიმით წარმოდგენა „ბაიადერას“ რეპეტიციას გადიან. კოუპლენდმა, რომელსაც 1,7 მილიონი მიმდევარი ჰყავს ინსტაგრამზე, დაწერა, რომ ამ გოგონებს, რომლებიც, რუსეთის მედიის თანახმად, 14 წლისანი არიან, უნდა სცოდნოდათ, რომ „შავი სახის“ მაკიაჟით გამოსვლა რასისტულ ქმედებად მიიჩნევა.

„მედიასთან, სოციალურ მედიასთან, ინფორმაციასთან, მსოფლიოსთან წვდომის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, ისინი იმდენად ბრმები და უცოდინრები იყვნენ, რომ არ იცოდნენ, ეს რომ მიუღებელია“, - დაწერა ამერიკელმა მოცეკვავემ.

რუსეთის საბალეტო თემის წამყვანმა ფიგურებმა კრიტიკა უარყვეს და მას უსაფუძვლო უწოდეს.

ირანი აცხადებს, რომ ერთ კვირაში მეორე კიბერშეტევა გაანეიტრალა

თეირანში მთავრობის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანმა ერთ კვირაზე ნაკლებ პერიოდში ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მეორე კიბერშეტევა გაანეიტრალა.

ირანის ტელეკომუნიკაციების მინისტრი, მოჰამად ჯავად აზარი ჯაჰრომი, ტვიტერზე წერს, რომ შეტევა კიბერუსაფრთხოების მექანიზმების მიერ იქნა იდენტიფიცირებული და განეიტრალებული. მინისტრის თქმით, შეტევის მიზანი იყო ირანში სამთავრობო დაზვერვიდან ინფორმაციის მოპოვება. „ჯაშუშური სერვერები ამოცნობილია და ჰაკერების კვალიც დადგინდა“, - წერს ის, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.

11 დეკემბერს ჯაჰრომიმ ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს უთხრა, რომ ირანის ელექტროინფრასტრუქტურა იყო „მასშტაბური“ და „სამთავრობო“ კიბერშეტევის სამიზნე. მან დასძინა, რომ შეტევა თავიდან იქნა აცილებული და მის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება.

10 დეკემბერს ჯაჰრომიმ უარყო გავრცელებული ცნობები, რომ ჰაკერული ოპერაციების სამიზნე იყო ირანული ბანკები, და, ასევე, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა შეაღწიეს ირანის ბანკების მილიონობით მომხმარებლის ანგარიშებზე.

ირანმა თავისი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გამორთო ინტერნეტიდან მას შემდეგ, რაც კომპიუტერულმა ვირუსმა სახელით Stuxnet, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი პროდუქტი იყო, შეაფერხა ათობით ცენტრიფუგის მუშაობა ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე, გვიანდელ 2000-იან წლებში.

ივნისში, ვაშინგტონში, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის სამხედრო უწყებამ კიბერშეტევა განახორციელა ირანის სამხედრო კომპიუტერული სისტემის წინააღმდეგ, სპარსეთის ყურის თავზე აშშ-ის საფრენი აპარატის ჩამოგდების პასუხად.

თალაკვაძე: იმედია, ერეკლე კუხიანიძე ახსნის, რა იყო მისი ამ ემოციური განცხადებების მიზეზი

„ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების, მით უმეტეს, ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებები შეაფასა.

არჩილ თალაკვაძე კუხიანიძის განცხადებებს არ მიესალმება და იმედოვნებს, რომ საკრებულოს წევრი დამატებით განმარტებებს გააკეთებს და ახსნის, თუ რა იყო მისი განცხადებების საფუძველი.

„ვაჟა გაფრინდაშვილი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ამ უკანონო პატიმრობისგან. მისი ოჯახის წევრები აკეთებენ ყველაფერს და ეს ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, როდესაც ოჯახის წევრები ასეთ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებენ. ეს ოჯახის წევრების პოზიცია არ არის მხოლოდ მათი ოჯახის წევრის გათავისუფლებისთვის და ეს არ არის განცხადებები, რომ მხოლოდ თავისი ოჯახის წევრზე ზრუნავენ. ეს არის მთელი საზოგადოების რეაქცია, თუ ვინმეს ამაზე აქვს განსხვავებული რეაქცია, მე არ მივესალმები სხვა ინტერპრეტაციებს. ბატონი ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების მით უმეტეს, ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია. იმედი მაქვს, რომ ის გააკეთებს დამატებით განმარტებებს და გარკვეულწილად ახსნის, თუ რა იყო მისი ამ ემოციური განცხადებების საფუძველი, რასაც მე არ მივესალმები“.

თბილისის საკრებულოს წევრმა საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გაავრცელა.

აშშ-ის სენატის პანელი ამ კვირაში იმსჯელებს რუსეთის სანქციების კანონპროექტზე

აშშ-ის სენატის პანელი შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებს რუსეთისთვის დასაწესებელ მკაცრ სანქციებზე, მას შემდეგ, რაც ამ თვეში გამოტოვა კენჭისყრა ამ, კამათის საგნად ქცეულ კანონპროექტზე.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი იმსჯელებს „ამერიკის უსაფრთხოების კრემლის აგრესიისგან დაცვის“ აქტზე, რომელსაც რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა უწოდა „სანქციების კანონპროექტი ჯოჯოხეთიდან“, მასში 18 დეკემბრის სამუშაო შეხვედრაზე შეტანილი შესწორების ჩათვლით.

ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც შემოკლებით DASKA-ს უწოდებენ, ითვალისწინებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მისი ჩარევის გამო უცხოეთის დემოკრატიულ პროცესებში, ისევე, როგორც ზიანის მომტანი ნაბიჯებისთვის სირიაში და აგრესიისთვის უკრაინის წინააღმდეგ. კანონპროექტის სამიზნეებია რუსეთის სუვერენული ვალი, ბანკები, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლის მცდელობებს, „ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს სხვა ქვეყნებში“, რუსეთის თხევადი გაზის პროექტები სხვა სახელმწიფოებში, ქვეყნის კიბერსექტორი და ცალკეული პირები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, გარემოცვიდან.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კიბერსივრცისა და ციფრული ეკონომიკის ოფისის დაარსებას სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს ოფისი „უხელმძღვანელებს დიპლომატიურ ძალისხმევას საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების, ინტერნეტთან წვდომის, ინტერნეტის თავისუფლების, ციფრული ეკონომიკის, კიბერდანაშაულის, კიბერსაფრთხეების შეკავებისა და მათზე პასუხის“ მიმართულებებით.

საკრებულოს წევრი გატაცებულ ექიმს მორიგ პოსტს უძღვნის

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, 13 დეკემბერს სოციალური ქსელით შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა, კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „მოსახლეობას ფსიქოლოგიური აშლილობა ჭირს“ და „მოკლებულია უნარს გააკეთოს რაიმე სიღრმის ანალიზი ჩვენი რეალობის“.

„სამყაროში არსებობს მთელი რიგი კანონზომიერებებისა, რითიც იმართება ფაქტიურად ყველაფერი. მათ შორის არის ისეთი რთული სფერო ცხოვრებისა როგორიც არის სახელმწიფოებს და ერებს შორის ურთიერთობების კანონზომიერება. ნებისმიერი იგნორი ამ კანონზომიერებებისა იწვევს კატასტროფულ შედეგს. ამ ფორმატში ვერ შევალ დეტალურ განხილვაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ამ კანონზომიერების უგულვებელყოფამ მოუტანა ჩვენს სამშობლოს კატასტროფული შედეგი სსრკ-ს დაშლის დროს. ჩვენ სრულიად უაზროდ დავუპირისპირდით რუსებს და შევუქმენით მათ განცდა რომ სსრკ ჩვენი ქმედებების შედეგად დაიშალა, რაც იყო სრული სისულელე და სიბრიყვე. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ თვითონ რუსები გაცილებით უფრო დაჩაგრულები იყვნენ სისტემისგან ვიდრე ჩვენ და სხვათა შორის ჩვენგანაც არ აკლდათ დაჩაგვრა“, - წერს საკრებულოს წევრი.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს, ყურად არ იღოს დასავლელი პარტნიორების რჩევებსა და თხოვნას, მას პროვოკატორად და ქვეყნის მტრად მიაჩნია, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით და რა ფორმით ირღვევა ეს პირობები.

მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიან აქციას გამართავდნენ საოკუპაციო ხაზთან, ერეკლე კუხიანიძემ ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.

აქცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, დღეს, 15 დეკემბერს გაიმართება.

ექიმი 37 დღის წინ, 9 ნოემბერს დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

ქალაქში წარწერები გაჩნდა - „ამ ცხოვრების დედაც“

15 დეკემბრის ღამეს, თბილისის სხვადასხვა უბანში გაჩნდა წარწერები: „ამ ცხოვრების დედაც“, „აბა დამიჭირე“.

მათი ავტორები მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები არიან. ისინი ასე გამოხატავენ სოლიდარობას 15 წლის მოზარდის მიმართ, რომელიც სკოლის კედელზე ამ სიტყვების დაწერის გამო, ორი დღის წინ, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გამოკითხვიდან გამოსულმა მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები მიიჩნევენ, რომ მოზარდი სისტემის მსხვერპლია, ისინი დამნაშავეების დაუყოვნებლივ გამოვლენასა და დასჯას მოითხოვენ.

15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, თვითმკვლელობამდე მიყვანის (115-ე) და ჩვენების მიცემის იძულების (335-ე) მუხლით.

გია ვოლსკი პრეზიდენტზე: ის არის დადებითი ადამიანი... თუმცა იყო უხერხულობებიც

„რითი დაგამახსოვრათ თავი ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა?“, - ჟურნალისტის ამ კითხვაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებული საერთაშორისო ვიზიტები ჰქონდა, თუმცა, იყო გარკვეული უხერხულობებიც:

„მთლიანობაში, ის არის დადებითი ადამიანი, საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური რესურსების მქონე ფართო წრითა და ურთიერთობებით საერთაშორისო დონეზე“.

17 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთი წელი გადის.

ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო საკითხებზე მორიგ შეხვედრას მართავს

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. მას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

ეს არის მსგავსი ფორმატის რიგით მესამე შეხვედრა. წინა შეხვედრაზე პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა, რომ მომდევნო შეხვედრებზე მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით იმსჯელებდნენ.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ წინადადებას დეტალურად გაივლიან.

შეხვედრები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით იმართება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ გაემართნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები ავტობუსებით, მოტოციკლეტებითა და ავტომობილებით გაემართნენ სოფელ ოძისისკენ, საოკუპაციო ხაზთან, სადაც მშვიდობიანი, სოლიდარობის აქცია 14 საათისათვის გაიმართება.

9 ნოემბერს დაკავებული ექიმის ოჯახის წევრები და გულშემატკივრები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 11 საათზე შეიკრიბნენ. აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ექიმი 37 დღის წინ, 9 ნოემბერს დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

საფრანგეთში მსხვერპლი მოჰყვა ქარიშხალსა და წყალდიდობას

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, ევაკუირებულია ასობით მოქალაქე. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გარდაცვლილია 70 წლის მძღოლი, რომლის მანქანასაც ხე დაეცა.

გამოცემის ცნობით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 25,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარის სიჩქარემ საათში 142 კილომეტრს მიაღწია.

საოკუპაციო ხაზთან გაიმართება ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება დღეს, საოკუპაციო ხაზთან.

მისი ოჯახის წევრები, კოლეგები და გულშემატკივრები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და იქიდან გაემართებიან საოკუპაციო ხაზისკენ. აქცია საოკუპაციო ხაზთან 14 საათისთვის დაიწყება.

„ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ იძულებულები ვართ, რომ სხვა ზომები მივიღოთ. ვინაიდან ოთახებში შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო, კვირას 11:00 საათზე გადავწყვიტეთ, რომ შევიკრიბოთ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ყველა, მიუხედავად პარტიული, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, დავიძრათ საოკუპაციო ხაზისკენ. ყველა ის ადამიანი, ვისაც გული შესტკივა ვაჟა გაფრინდაშვილზე, მის უკანონო დატყვევებაზე“, - აცხადებენ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები.

13 დეკემბერს, ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მისი საქმის განხილვა 20 დეკემბერს გაგრძელდება.

ექიმი 37 დღის წინ, 9 ნოემბერს დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

მადრიდში კლიმატის შესახებ მოლაპარაკებები ვადაზე მეტხანს გაგრძელდა

მადრიდში მიმდინარე გაეროს მოლაპარაკებები, რომლებიც კლიმატის საკითხებს ეხება, დათქმულ ვადაზე მეტხანს გაგრძელდა 14 დეკემბერს - თუმცა კომპრომისი არ ჩანს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაინერგოს კლიმატის შესახებ პარიზში, ოთხი წლის წინ მიღწეული ხელშეკრულების პირობები.

ყოველწლიური მოლაპარაკებების ეს რაუნდო 13 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.

მოლაპარაკება, რომელშიც 200 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ჩიხში შევიდა, რადგან ვერ მოხერხდა შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ კლიმატის კრიზისს და ვინ უნდა გადაიხადოს საფასური.

ანალიტიკოსები და გარემოს დამცველი ჯგუფები გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ შეხვედრაზე შესაძლოა საერთოდ ჩავარდნილიყო 2015 წელს პარიზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

მოლაპარაკებების კოლაფსის თავიდან ასარიდებლად პროცესში ჩაერთვნენ ევროპის მაღალჩინოსნები, მათ შორის ესპანეთის, გერმანიის მინისტრები და კლიმატის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი პირი, ფრანს ტიმერმანსი.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ახალი ზომების შეთანხმებას - რათა ღარიბ ქვეყნებს დახმარება გაეწიოს და ემისიის ახალი ზღვარი დაწესდეს - არის აშშ, რომელმაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში გამოაცხადა, რომ პარიზის ხელშეკრულებას ტოვებს.

მიმდინარე თვეში გაერომ გამოაცხადა, რომ გლობალური დათბობის არდაშვება ცელსიუსით 1,5 გრადუსზე უფრო მეტით მოითხოვს ემისიების შემცირებას 7 პროცენტით, ყოველწლიურად, 2030 წლამდე. მეცნიერები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ცვლილების შესაძლებლობა მალე დაიხურება და დედამიწის ტემპერატურა შეუქცევად დონეს მიაღწევს.

ფხენიანმა კიდევ ერთი ცდა ჩაატარა გრძელი რადიუსის რაკეტების ობიექტზე

ჩრდილოეთმა კორეამ 14 დეკემბერს განაცხადა, რომ "წარმატებით" ჩაატარა კიდევ ერთი "მნიშვნელოვანი ცდა" თავის გრძელი რადიუსის რაკეტების ობიექტზე, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო გაზრდის მისი "ბირთვული მოგერიების სანდო, სტრატეგიულ" შესაძლებლობებს.

ამ განცხადების ფონია ფხენიანის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე განხორციელებული ზეწოლა, რადგან ახლოვდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ დაწესებული ბოლო ვადა, წლის ბოლო, ჩიხში შესული ბირთვული მოლაპარაკებების აღსადგენად.

ჩატარებული ცდის შესახებ ფხენიანის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის რა ტიპის გამოცდა ჩატარდა. რამდენიმე დღით ადრე ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ ობიექტზე ჩაატარა "ძალიან მნიშვნელოვანი ცდა" - რასაც მოჰყვა ვარაუდები იმის შესახებ, რომ გამოცდა მოიცავდა ახალ ძრავას, ან კოსმოსური დანადგარის, ან კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტისთვის.


თბილისში დასრულდა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქცია

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულმა აქციამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა და პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფოიერვერკებით დასრულდა.

აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდან ათასობით მოქალაქე იყო ჩამოყვანილი.

შეკრებილებს თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა მიმართეს - ოფიციალური ცნობით, სწორედ მათი ინიციატივა იყო საზეიმოდ აღნიშვნა იმ ფაქტის, რომ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებიდან შეკრებილებს მიმართეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

შეკრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დასრულდა. „დღეს, როდესაც დიდი ისტორიის ფესვებზე მდგომებს, მოპოვებული გვაქვს თავისუფლება, როდესაც ზოგიერთი ხანდახან ირონიულადაც იხსენებს ჩემს სიტყვებს, რომ გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიდით - რეალურად, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შევძელით“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გამომსვლელებს შორის არ იყო პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, არც სხვა დეპუტატები მმართველი პარტიიდან, თუმცა ისინი აქციას ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ, ტელეკომპანია პირველთან საუბარში განაცხადა, რომ აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოყვანა ფინანსურად პარტიამ უზრუნველყო. „რა თქმა უნდა, პარტია უზრუნველყოფს, რადგან პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის ეგიდით იმართება ეს ღონისძიება“, - განაცხადა ვოლსკიმ, თუმცა თანხის ოდენობა არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ეს მონაცემები გამოქვეყნდება.

თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქცია

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული აქცია, რომელიც საქართველოს მიერ ევროსაბჭოს მორიგე თავმჯდომარის სტატუსის მიღებას ეძღვნება.

აქციას ესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ, ტელეკომპანია პირველთან საუბარში განაცხადა, რომ აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოყვანა ფინანსურად პარტიამ უზრუნველყო. „რა თქმა უნდა, პარტია უზრუნველყოფს, რადგან პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის ეგიდით იმართება ეს ღონისძიება“, - განაცხადა ვოლსკიმ, თუმცა თანხის ოდენობა არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ეს მონაცემები გამოქვეყნდება.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური მსოფლიოს მასტერსის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) ჩინეთის ქალაქ ცინდაოში მიმდინარე მსოფლიოს მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა.

19 წლის ქართველმა სპორტსმენმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ფინალის გზაზე დაამარცხა: ჩინელი ჰებილიგ ბუ, ჰოლანდიელი ნოელ ვან ტენდი, იაპონელი სანშირო მურაო და თურქი მიკაილ ოზერლერი. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ესპანეთის ნაკრების წევრს, მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილს აჯობა.

ლაშა ბექაური ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის. უფროსებში ის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დასამკვიდრებლად იბრძვის და უმაღლესი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებაზე პირველი ტიტული მოიპოვა.

ჩინეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბექაური საზოგადოების ყურადღების ცენტრში სულ სხვა ამბის გამო აღმოჩნდა. ძიუდოისტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილის თანახმად, მას სამართალდამცავებმა სცემეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG