Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილი ისევ გამოჩნდა - ვისია "რუსთავი 2" ?


პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის წილების დაყადაღებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ მოთხოვნით 19 ივლისს მისმა ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა მიმართა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღეში, სავარაუდო ორშაბათისთვის, 22 ივლისისთვის გახდება ცნობილი. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მომავალ კვირაშივე აპირებს სასამართლოში წარადგინოს სასარჩელე განცხადება, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერისთვის „რუსთავი 2“-ის გადაცემის მოთხოვნით.

რის საფუძველზე ითხოვს ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებას და ტელეკომპანიის გადაცემას?

ირაკლი ოქრუაშვილის სასარჩელე განცხადებების საფუძველი, ადვოკატის თანახმად, „რუსთავი 2 „-ის მფლობელს, ქიბარ ხალვაშსა და „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ირაკლი ოქრუაშვილს შორის დადებული ხუთპუნქტიანი შეთანხმებაა. ეს შეთანხმება „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის განმარტებით ბერლინში 2010 წლის 4 თებერვალს გაფორმდა და ადასტურებს იმას, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2 „ - ის მესაკუთრე არასოდეს ყოფილა.

ანა რეხვიაშვილი
ანა რეხვიაშვილი

​ამ დოკუმენტის თანახმად მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა 2004 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2 -ის 100 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით შეიძინა. როგორც ანა რეხვიაშვილი განმარტავს, ხელშეკრულებით ტელეკომპანია „რუსთავი 2 „ -ის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიასა და სარგებელზე საკუთრების მოთხოვნის უფლებები ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის. ამ პუნქტის დარღვევის ან სადავოდ გახდომის შემთხვევაში, ქიბარ ხალვაში იღებს ვალდებულებას, ირაკლი ოქრუაშვილს ჯარიმის სახით გადაუხადოს 7 მილიონი დოლარი.

პაატა სალია
პაატა სალია

ქიბარ ხალვაშმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ყალბია. ეს ​განცხადება 19 ივლისს კიდევ ერთხელ გაიმეორა მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ. მისი თქმით, დოკუმენტის სიყალბეს ექსპერტიზა დაადასტურებს. საპასუხოდ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი განმარტავს, რომ დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს 3 ექსპერტიზა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზა. მისივე თქმით, დანიშნულია მეოთხე, დამატებითი ექსპერტიზა ლევან ​სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროშიც, თუმცა ქიბარ ხალვაშს დრო ხელოვნურად გაჰყავს და ხელმოწერის შესადარებელი ნიმუშის წარსადგენად ექსპერტიზის ბიუროში არ ცხადდება.

ირაკლი ოქრუაშვილის არგუმენტები ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი განმარტავს, 2010 წელს

გიორგი ზედელაშვილი
გიორგი ზედელაშვილი

დადებული შეთანხმების მიხედვით, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“- ის წილები ირაკლი ოქრუაშვილის სახელით შეიძინა, როგორც მასთან აფილირებულმა პირმა, რომელიც არა მარტო „რუსთავი 2“ - ში, არამედ ბევრ სხვა ბიზნესშიც წარმოადგენდა მის ინტერესებს. ადვოკატის თანახმად, თანხა ამ გარიგებაში ქიბარ ხალვაშს არ გადაუხდია და მას არ ჰქონდა უფლება, ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე განეხორციელებინა „რუსთავი 2 „ - თან დაკავშირებული რაიმე ქმედება. ადვოკატი ამბობს, რომ პირობა დაირღვა, რაშიც მას ჯარიმის გადახდა ეკისრება. საუბარი იყო ასევე სასესხო დავალიანებაზე, რომელიც ქიბარ ხალვაშს 2015 წლამდე უნდა გადაეხადა. ირაკლი ოქრუაშვილმა მაშინ სასამართლოს მიმართა და 13 მილიონი დოლარის ანაზღაურება მოითხოვა. ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული პირებისგან ხალვაშმა 2005-2010 წლებში ისესხა 7,7 მილიონი დოლარი, წლიური 10 %-ით. საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლო 2016 წლიდან განიხილავს, პროცესი ქიბარ ხალვაშის გრაფიკულ ექსპერტიზაზე გამოუცხადებლობის გამოა შეფერხებული.

როდის გამოჩნდა პირველად სადავო დოკუმენტი?

დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ირაკლი ოქრუაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ „რუსთავი 2 „ ქიბარ ხალვაშის კი არა, მისი საკუთრებაა პირველად 2016 წლის 5 სექტემბერს გამოჩნდა. მაშინ, როდესაც „რუსთავი 2 „-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით მსჯელობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაიწყო. „რუსთავი 2“ - ის ადვოკატები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს დოკუმენტი მთლიანად შეცვლიდა საქმის მსვლელობას.

რა არის ამ ეტაპზე „რუსთავი 2“ - ის დაყადაღების მოთხოვნის არგუმენტი?

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის დაყადაღების მოთხოვნა, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატების თანახმად, უკავშირდება ქიბარ ხალვაშის ძველ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი აპირებდა ქონების წილის სხვა პირებისთვის გადაცემას. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ზე საკუთრების აღდგენის შემდეგ მისი გაყიდვა მოინდომოს. ირაკლი ოქრუაშვილის მიზანია, სანამ „რუსთავი 2“-ის საკუთრების საკითხზე დავა დასრულდება, ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის ან მისი წილის გასხვისების უფლება არ მიეცეს.

ირაკლი ოქრუაშვილის შეთავაზება "რუსთავი 2" -ის ჟურნალისტებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ დავა ქიბარ ხალვაშთან მისი და ჟურნალისტების სასარგებლოდ დასრულდება. "კურიერთან" ინტერვიუში მან პლურალისტული მედიაგარემოს შენარჩუნებისათვის "რუსთავი2 "-ის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 80 პროცენტის ამ არხის ჟურნალისტებისთვის გადაფორმებას გეგმავს.

"მე ვაპირებ ძალიან მარტივი რამის გაკეთებას. ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის და რაზეც ვდავობ, ჩემი მოთხოვნის 80% გადავცე ათამდე დამოუკიდებელ მებრძოლ ჟურნალისტს სრულიად უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან, ამ შემთხვევაში ხალვაშთან, თორემ ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან რეალურად, იმისთვის რომ "რუსთავი2" არ წაიღოს ივანიშვილმა და საქართველო არ დაემსგავსოს ჩრდილო კორეას", - უთხრა ირაკლი ოქრუაშვილმა "კურიერს". "რუსთავი"2-ის ჟურნალისტებთან შეხვედრას იგი ხვალ, 20 ივლისს გეგმავს. ირაკლი ოქრუაშვილი 8 ივლისიდან ევროპაში იმყოფება. საქართველოში დაბრუნებას იგი 19 ივლისის ღამით აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG