Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინბურგში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული


იაროსლავ შირშიკოვი
იაროსლავ შირშიკოვი

ეკატერინბურგში ტაძრის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, იაროსლავ შირშიკოვი, სისხლის სამართლის ორი საქმის ფიგურანტი გახდა. ის ეჭვმიტანილია ცილისწამებასა და მასობრივი არეულობისკენ მოწოდებაში და საგამოძიებო კომიტეტშია გამოძახებული. ამის შესახებ ის ფეისბუკზე იტყობინება.

შირშიკოვის თქმით, ცილისწამებაში ბრალდება იმაში მდგომარეობს, რომ მან პოლონეთის ჯაშუში უწოდა რეგიონში პრეზიდენტ პუტინის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ნიკოლაი ცუკანოვს. მანამდე მისი მოადგილე დააპატიმრეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით.

რაში მდგომარეობს მასობრივი არეულობისკენ მოწოდებაში ბრალდება - როგორც შირშიკოვი წერს, მან ეს ჯერ არ იცის. ცნობილია, რომ ივნისში პოლიციამ საქმე აღძრა ეკატერინბურგის ცენტრში მდებარე სკვერში არეულობასთან დაკავშირებით. აქამდე არ მოიპოვებოდა ინფორმაცია ეჭვმიტანილების, ან ამ საქმესთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ, მაგრამ ივლისის შუა რიცხვებში მათთან აკავშირებდნენ ჩხრეკას ქალაქის აქტივისტების ბინებში.

მაისში ეკატერინბურგში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ ქალაქის ცენტრალურ სკვერში მართლმადიდებელი ტაძრის მშენებლობას. აქციების ერთ-ერთ დღეს შეტაკება მოხდა, ერთი მხრივ, პროტესტის მონაწილეებსა და, მეორე მხრივ, მშენებლების მიერ დაქირავებული დაცვის კერძო კომპანიის თანამშრომლებს, მართლმადიდებელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის.

დაპირისპირების აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ ტაძრის მშენებლობაზე უარი თქვეს. მისთვის სხვა ადგილებს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG