Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ნიკა გვარამიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მედია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როცა აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება შესაძლებელია.

„წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომის შესახებ არ საჩივრდება. შესაბამისად, მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ის არის ძალაში“ - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თავის დროზე, როცა სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შესახებ შუალედური, დროებითი ზომა მიიღო და ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა, ის მაშინვე შესრულდა და არ გასაჩივრებულა.

„შესაბამისად, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც მან თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თანდართულ განმარტებაში წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატები აპირებენ მიმართონ დიდ პალატას, თუმცა პირველ ეტაპზე აპირებენ გაასაჩივრონ საჯარო რეესტრის მიერ 18 ივლისს მიღებული აქტები, რომელთა საფუძველზე შეიცვალა „რუსთავი 2“-ის მფლობელი და გენერალური დირექტორი.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის საჩივარი, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ტელეკომპანიის მფლობელად მისი დარეგისტრირების და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით.

სააგენტომ შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საათში დაასრულა. „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG