Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ფარულად უსმენენ


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მას უკანონოდ უსმენს.

ჟურნალისტი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ უკანონო და ფარული მიყურადება ემსახურება იმის დადგენას, თუ საიდან ხდება ტელეკომპანიის მიერ ინფორმაციის მოძიება.

ეჭვი, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს, ნოდარ მელაძეს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის კომენტარის შემდეგ გაუჩნდა. ვანო ზარდიაშვილი ჟურნალისტებისათვის მიცემულ კომენტარში, ეკა ბესელიას „ვირთხად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ დეპუტატს გუნდის შიგნიდან ნოდარ მელაძესთან მიჰქონდა ინფორმაცია.

„დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, "რუსთავი 2“ - ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც "კურიერისთვის" მომზადდა, მათ შორის "ქართული ოცნების" დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

ამ ინტერვიუთი დგინდება.

1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართველი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.

2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.

3. ფარული მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა. "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი.

პ.ს. ანუ ეთერში 100 % სიზუსტით ვყვებოდით ყველაფერს რომ ამტკიცებდით იგონებთო", - წერს ნოდარ მელიძე.

ნოდარ მელაძე მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც მისი სიტყვებით, 23 ივლისს აღიარა, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ფარულად უსმენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG