რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთისადმი საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება დაუშვებელია.
ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერვიუში ვოლოდინმა თქვა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის საქართველოს პარლამენტში ჩატარება მიმღები მხარის, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება იყო და დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს შესთავაზეს სხდომის წაყვანა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან.
ვოლოდინის განცხადებითვე, ოპოზიციას, რომლის უკან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დგას, ხელისუფლების შეცვლა სურს, მაგრამ გამოყენებული იყო საქართველოში დუმის დეპუტატების ყოფნის ფაქტორი, საქართველოს ხელისუფლებამ კი, რუსეთი დაადანაშაულა ოკუპაციასა და აგრესიაში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია მიმდინარე მოვლენებისგან გვერდით გავდგეთ, მით უმეტეს, საქართველოსთვის რუსეთი ბევრს აკეთებს“ - განაცხადა დუმის სპიკერმა. ვოლოდინის თქმით, რუსეთის წილი საქართველოს ტვირთბრუნვასა და ტურისტულ ინდუსტრიაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ია.
„ამიტომ, მსგავსი დამოკიდებულება დაუშვებელია. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ურთიერთობას ასე აწყობდეს ქვეყანა, რომელმაც რუსეთისგან სიკეთის მეტი არაფერი მიიღო“ - განაცხადა ვოლოდინმა.
მისივე თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ქვეყნების პირველ სამეულშია და ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინონ რუსეთის მიმართ რიტორიკის ფორმირების, ან კონკრეტული ქმედებების დროს.
დუმის სპიკერის განცხადებით, საქართველოს ხელმძღვანელობამ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მოქალაქეებს ბოდიში უნდა მოუხადონ გამონათქვამებისთვის, რომ თითქოს, საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რუსეთი აგრესიას ახორციელებს.
„თუ საჯაროდ ითავხედეს, პასუხიც საჯარო უნდა იყოს“ - განაცხადა ვოლოდინმა. დუმის სპიკერის თქმით, რუსოფობიაზე უარი უნდა ითქვას, რადგან ეს რუსებისთვის შეურაცხმყოფელია და გულგრილად ვერ დარჩებიან. ვოლოდინმა დასძინა, რომ თუ საქართველო ასე მოქცევას გააგრძელებს, რუსეთს პასუხის გაცემა შეუძლია.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის დუმამ მთავრობას ურჩია ანტირუსული განწყობებისთვის საქართველოსთვის დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები, რაზეც პრეზიდენტმა პუტინმა უარი თქვა „ქართველი ხალხისადმი პატივისცემის“ გამო.
საქართველოში 20 ივნისიდან მიმდინარეობს რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.
საპროტესტო აქციების გამო, ასამბლეამ მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები კი იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.
თბილისში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.