Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: აშშ ცდილობს საქართველო რუსეთს მოწყვიტოს


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ ცდილობს საქართველო რუსეთს მოწყვიტოს.

ტელეარხ Russia Today-სთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი არასდროს ისრაფვოდა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესებისკენ. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დროს საქართველოს ხელისუფლებამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები და ყველანაირად ცდილობდა ეკონომიკური ურთიერთქმედების შეზღუდვას, მაგრამ შემდეგ ეკონომიკამ თავისი გააკეთა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, პირველ ყოვლისა აშშ, ყველანაირად ცდილობენ ჩვენი მეზობლები მოწვიტონ რუსეთის ფედერაციას. გაიხსენეთ, 2008 წელს, როცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მუხრუჭმა საერთოდ უმტყუნა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მათ შორის ვლადიმირ პუტინის მხრიდან, გადაწყვიტა ძალა გამოეყენებინა თავისი საკითხების გადასაწყვეტად სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთში, იქ მუშაობდა ათობით ამერიკელი ინსტრუქტორი და ქართველ სპეცრაზმელებს და სამხედროებს წვრთნიდა. სამხრეთ ოსეთის ხელში ჩაგდების ბრძანებები თავისთავად დანაშაულებრივი იყო და ეს ყველას ესმის. ის თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს და მშვიდობისმყოფელებს, რომელთა შორის რუსი სამხედროებიც იყვნენ. ევროკავშირის მიერ დაკვეთილმა სპეციალურმა კვლევამ, ეგრეთ წოდებულმა ჰაიდი ტალიავინის კომისიამ მკაფიო დასკვნა გააკეთა, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო საომარი მოქმედებები“ - განაცხადა ლავროვმა.

შეკითხვას, შეიძლება თუ არა აშშ-ისთვის სამაგალითო იყოს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს სანქციები არ დაუწესა, ლავროვმა უპასუხა, რომ ამაზე ლაპარაკი რთულია, რადგან აშშ განსაკუთრებული ქვეყანაა თავისი ტრადიციებით და ეს ტრადიციები სამწუხაროდ, როგორც წესი, „ველიკოდერჟავულია.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ს რომ ყველა პარტნიორის მიმართ ჰქონდეს თანაბარი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პოლიტიკა, იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი, თუ ევროკავშირი, მსოფლიოში პრობლემები გაცილებით ეფექტურად და საიმედოდ მოგვარდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG