Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალვაში: სამწუხაროდ, ივანიშვილს არ მოულოცავს სტრასბურგის გადაწყვეტილება


„ბევრმა მომილოცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ივანიშვილს არ მოულოცავს“, - ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ბიუროში გააკეთა, სადაც საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, ქიბარ ხალვაში პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა ბოლოს 2012 წლის ნოემბერში, ბელგიაში ჰქონდა.

„ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია არასდროს. ერთხელ მქონდა, ბელგიაში ვიყავით, 2012 წლის ნოემბერში. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია. ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ, იმან არა. ყველას, ვისაც გაუხარდა, მომილოცა. რომ გახარებოდა მომილოცავდა“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

XS
SM
MD
LG