Accessibility links

მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სტიმულირების პროგრამის დადგენილება მიიღო


საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის ფონზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სტიმულირების პროგრამის შესახებ.

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 418 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ახალი დადგენილების მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს. ასეთ მიმართულებად, კი 2019 წლის 24 ივლისის ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები ითვლება.

"სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისათვის პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებად ითვლება რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები, თუკი სახეზეა რეგულარული სატრანზიტო ფრენა და ხორციელდება მგზავრების თბილისის ან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გადაყვანა რუსეთის ნებისმიერი აეროპორტიდან, რომლიდანაც ხდება მოგზაურობის დაწყება (და პირიქით). ერევნის საერთაშორისო აეროპორტი კი გამოიყენება სატრანზიტოდ", -აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი (დამატებული ღირებულების გარეშე) დააფინანსებს. საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო(დამატებული ღირებულების გარეშე).

დოკუმენტის მიხედვით, ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში უწყვეტად, კვირაში, სულ მცირე, ორი სიხშირით შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე. ამასთან, შემსყიდველი, ანუ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია, პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება თითოეულ მიმართულებაზე ერთ ავიაკომპანიასთან გააფორმოს არა უმეტეს 1 წლის ვადით. თუ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ რამდენიმე ავიაკომპანია მიმართავს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით და ორი ან მეტი მათგანი დააკმაყოფილებს პირობებს, ხელშეკრულების გაფორმების რიგითობა მოთხოვნის წარდგენის დროის მიხედვით განისაზღვრება.

ხელშეკრულება გაფორმდება იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც პირველი მიმართავს აეროპორტების გაერთიანებას. 24 ივლისის ეს დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG