Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: სამართალდამცავებს მაჩალიკაშვილთან საუბრისას არ უხსენებიათ სიტყვა რეაბილიტაცია


მისცემენ თუ არა სამართალდამცავები მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლებას, ამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას შსს ჯერჯერობით არ ავრცელებს.

25 ივლისს, სამართალდამცავებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის დადგმის უფლება არ მისცეს და ამის მიზეზად, ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს.

თუმცა, როგორც მოგვიანებით დედაქალაქის ვიცე-მერმა განმარტა, მუნიციპალიტეტი არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ არ გეგმავს და მისთვის უცნობია, რატომ უთხრეს სამართალდამცავებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს კანონით მინიჭებულ უფლებაზე უარი.

როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს შსს-ს პრეს-სამსახურში, სამართალდამცავებს მალხაზ მაჩალიკაშვილთან საუბრისას არ უხსენებიათ სიტყვა „რეაბილიტაცია“ და ისინი გულისხმობდნენ „კოსმეტიკურ სამუშაოებს“, თუმცა, რადიო თავისუფლების ფეისბუკ-ლაივში ერთ-ერთი სამართალდამცავი ჟურნალისტებთან ინტერვიუში ნათლად ამბობს, რომ „მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, რის გამოც მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ ვერ განათავსებს კარავს.

სამართალდამცავის კომენტარი, რომელიც მან რადიო თავისუფლებას მისცა, თანდართულ ვიდეოში შეგიძლია მოისმინოთ 2:30 წუთიდან.

კარავი, რომელშიც, შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, შვილების მკვლელობის საქმეების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, პირველად 2018 წლის შემოდგომის მიწურულს გაიშალა.

ერთი თვის წინ, 20 ივნისის ღამეს, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებისას, დემონსტრანტების დაშლასთან ერთად მოირღვა.

25 ივლისს მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელახლა აპირებდა პარლამენტის წინ კარვის გაშლას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ პარლამენტის წინ რჩება: "პოლიციამ პირადად მითხრა, რომ მოგატყუეთო, ჩვენ არ გვქონდა მერიისგან მეთითებაო. ახლა სახალხო დამცველის წარმომადგენელი ელაპარაკა მათ და იმას ისევ ისე უთხრეს, კიო, მერიის ბრძანება გვაქვსო. რაღა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს. მე ვაპირებ მერიაში წასვლას. იქიდან რომ მოვალ, უკვე მექნება ყველა უფლება, რომ აქაც დავდგა კარავი და იმ შუშის კოლბაშიც".

პარლამენტის წინ არიან მობილიზებულნი სამართალდამცავებიც. როგორც მათ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, "გაერკვევიან სიტუაციაში და იმის მიხედვით იმოქმედებენ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG