Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის ღამეს დაშავებული ჟურნალისტების საქმეზე ცალკე გამოძიება არ მიმდინარეობს


20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას 39 ჟურნალისტი დაშავდა. აქციის დაშლიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, ამ ეტაპზე, ჟურნალისტების საქმეზე არ ცალკე გამოძიება არ მიმდინარეობს და არც დაზარალებულის სტატუსი მინიჭებია რომელიმე დაშავებულს.

ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებისთვის არ წარმოადგენს პრიორიტეტს ჟურნალისტების უსაფრთხო საქმიანობა. მისი თქმით, დღემდე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის არცერთი ფაქტი არ გამოძიებულა ბოლომდე და არავინ დასჯილა:

„ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში 156-ე მუხლი, რომელიც კრძალავს ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლას, თუმცა, სამწუხაროდ, 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული ჟურნალისტების საქმეზე გამოძიება ამ მუხლით არ მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების დაშლისას, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი ცხადად დაფიქსირდა. ჟურნალისტები საუბრობენ იმაზე, რომ მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ, არადა, მათი იდენტიფიცირება იყო ძალიან ადვილი, რადგან ხელში ეჭირათ მიკროფონები, კამერები, ეცვათ სპეციალური მაისურები, მაგრამ მიუხედავად ამისა, დამიზნებით ხვდებოდათ რეზინის ტყვიები. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება აუცილებლად ცალკე უნდა ჩატარდეს, რადგან არ შეიძლება ჟურნალისტების საქმე განხილული იყოს სხვა დემონსტრანტებთან ერთად. ისინი იქ ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას და არ იყვნენ რიგითი დემონსტრანტები. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი, ვინ გადააჭარბა ძალას, დადგება თუ არა რომელიმე სამართალდამცავის პასუხისმგებლობა. ჩვენ აქციის დაშლიდან მალევე გავმართეთ აქცია და სამართალდამცავ სტრუქტურებს განცხადებით მივმართეთ, თუმცა, ამ დრომდე ქარტიას არავინ შეხმიანებია. გამოკითხულ ჟურნალისტებს კი კითხვებს უსვამენ არა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, არამედ მათგან, როგორც რიგით დემონსტრანტებისგან, ისე იღებენ ჩვენებებს“, - ამბობს ნატა ძველიშვილი.

დაშავებული ჟურნალისტების უფლებების დასაცავად მზადყოფნას გამოთქვამს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

შსს-ს ინფორმაციით, 20-21 ივნისის საქმეზე უკვე გამოკითხულია ასეულობით პირი, მათ შორის, დაშავებული ჟურნალისტების ნაწილი. უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია ორი სამართალდამცავი.

XS
SM
MD
LG